თვითმმართველობის რეფორმა

ბესელია: პატრიარქის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაგრძელდება. როგორც ბესელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, თვითმმართველობის პროექტი არის საინტერესო და მასში ბევრი საყურადღებო, მნიშვნელოვანი, წინგადადგმული, პროგრესული ხედვაა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მას მოსწონს ჯანსაღი პროცესი და დისკუსია, რომელიც პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაიწყო. ეკა ბესელიას განცხადებით, პატრიარქის პოზიცია როგორც ამ, ასევე ნებისმიერ სხვა საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, კანონპროექტში არსებულ საკითხებზე, რომელიც იწვევს სხვადასხვა ინტერპრეტაციას, საჭიროა მეტი დისკუსია, განმარტება და მეტი სიცხადის შეტანა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტში გარკვეული ცვლილებები შევა. მისი თქმით, ვიდრე პატრიარქი კოდექსთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა, გუნდის შიგნით უკვე დაწყებული ჰქონდათ დისკუსია და წინა დღეს შეთანხმდნენ, რომ გარკვეული ნორმები შეიცვლებოდა. ამასთან, ბესელიას ინფორმაციით, შესაძლოა, რეფორმა რამდენიმე ადგილას პილოტურად განხორციელდეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თვითმმართველობის კანონპროექტთან დაკავშირებით არავითარი რეგლამენტი არ ირღვევა. მისი ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენები, სავარაუდოდ, ხუთშაბათამდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკა. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეხვდა. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ტაბულასთან საუბარში დაადასტურა, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, თუმცა, დეპუტატს შეხვედრის მონაწილეთა ვინაობა არ დაუსახელებია.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის სამ კომიტეტში 6 დეკემბერს დაგეგმილი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა 10 დეკემბრისთვის გადაიდო. პარლამენტში აცხადებენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი კოდექსთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უარყოფითი პოზიცია გახდა.

"საკომიტეტო განხილვების გადადების მიზეზი გახდა ის, რომ გვინდა, მაქსიმალურად ყველა იყოს ჩართული ამ კოდექსის განხილვაში. გვინდა, რომ ყველა დაინტერესებულ ექსპერტთან და არასამთავრობოებთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, გადადების ერთ-ერთი მიზეზი პატრიარქის 4 დეკემბრის განცხადებაც იყო. ამ საკითხის განხილვისას მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს, სწორედ ეს მოუწოდა პატრიარქმაც", - განუცხადა ტაბულას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას გეგმავს, რის შედეგადაც თვითმმართველობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, მათ შორის, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გაიზრდება გუბერნატორთა უფლებამოსილებები და მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობაც შეიცვლება.

 

კომენტარები