ვიზალიბერალიზაცია

ტუსკი რ2-ზე: EU ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. აუდიენციის შემდეგ კვირიკაშვილმა და ტუსკმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

"დღეს არ არის ჩვეულებრივი დღე, ის განსაკუთრებულია ევროკავშირისა და საქართველოსთვის. ეს იყო დიდი მოგზაურობა, რომელმაც ჩვენ დაგვაახლოვა. მოგზაურობა, რომელიც მჯერა, დაეხმარა საქართველოს განვითარებას.

საქართველომ დიდი შრომა გასწია და ბევრს მიაღწია. დღეს ისტორიული დღეა ჩვენთვის ყველასთვის, განსაკუთრებით ქართველი ხალხისთვის, რომელთაც ამიერიდან შენგენის ზონაში თავისუფლად მოგზაურობა შეეძლებათ.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე მე მივესალმე მის ამბიციასა და მონდომებას ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. ველით საქართველოს მიერ ვაჭრობის ზრდას ევროკავშირთან, რაც, ამ დროისთვის, თქვენი ქვეყნის მთლიანი ვაჭრობის მეოთხედია. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დახმარებას, რათა ასოცირების ხელშეკრულების კარგად გამოყენებით საქართველოს მოქალაქეებმა სარგებელი მიიღონ.

მოხარული ვარ, რომ მოვისმინე ხელისუფლების მონდომების შესახებ მედიაპლურალიზმის მიმართულებით, განსაკუთრებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიაპლურალიზმს და ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს მის უზრუნველსაყოფად.

პრემიერმინისტრთან ასევე გამოვთქვი შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. როდესაც ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს უხსნის, თქვენ გყავთ მეზობელი, რომელიც ახალ საზღვრებს ქმნის, რათა შეზღუდოს თქვენი თავისუფლება, თქვენი ქვეყნის შიგნითაც კი.

მე კვლავ დავუდასტურე ევრკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - თქვა ტუსკმა ბრიფინგზე.

კომენტარები