ვიზალიბერალიზაცია

ჯანელიძე: უმნიშვნელოვანესია, ჩვენი მოქალაქეები მარტივად მოგზაურობდნენ ევროპაში

მიხეილ ჯანელიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გამოხატული უდიდესი ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ 28 მარტიდან ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილებას. დღევანდელ გლობალურ და ცვალებად სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მარტივად მოგზაურობდნენ ევროპის ტერიტორიაზე, ვინაიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლა ნიშნავს დაუბრკოლებელ გადაადგილებას თავისუფალ სამყაროში.

უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესკავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის.

ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება ერთ-ერთია იმ ხელშესახებ სიკეთეთაგან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შედეგად იღებენ. სასიხარულოა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორად აღიქვამს ევროკავშირს, მის ჭეშმარიტ ღირებულებებს და მასთან დაახლოების შედეგად მიღებულ სარგებელს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამემამულეებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ევროკავშირის კონკრეტული პროექტების, პროგრამებისა და დახმარების შესახებ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხორციელდება და მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს", - აცხადებს მინისტრი.

უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან 28 მარტიდან შედის ძალაში.

კომენტარები