ეროვნული ბანკი: გალარების აქცია სესხების 25%-იანი გალარებით დასრულდა

AP Photo

გალარების ერთჯერადი პროგრამით დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე (78 659 017 აშშ დოლარი) 5 617 საბანკო სესხი გალარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. პროგრამის შედეგად დაკონვერტირდა გალარებას დაქვემდებარებული სესხების მთლიანი რაოდენობის 25 პროცენტი.

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გასტანა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იმ პირებს, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ლ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა, პროგრამის ბენეფიციართა წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 100,000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო სესხის ნარჩენი ოდენობა - 100,000 აშშ დოლარზე მეტი. 

ეს მსესხებლები სესხის ლარში გადაყვანის სუბსიდიას მიიღებენ, მაგალითად, თუ ახლა კურსი 2.50-ია, გალარებისას კურსი 2.30-ში იანგარიშება. კურსებს შორის არსებული 20-თეთრიანი სხვაობა "გალარების სუბსიდიაა", მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 65 მილიონის დახარჯვა იგეგმება. თუმცა სავარაუდოდ, რადგანაც გალარება უფრო ნაკლები მოცულობის სესხებს ეხება, ამ თანხიდან მხოლოდ 25% დაიხარჯება.

გალარება ეხება მსესხებლებს, ბანკებში კი ეს სესხები ისევ დოლარის სესხად რჩება. მსესხებელთა მიერ გადახდილი ლარის სანაცვლოდ ბანკები დოლარის რესურსს მიიღებენ, რასაც მათ ეროვნული ბანკი საკუთარი რეზერვებიდან მიაწვდის, ეს კი ნიშნავს, რომ პროგრამის სედეგად საქართველოს სავალუტო რეზერვები $78.6 მილიონით შემცირდება.

ეროვნული ბანკის ცნობით, სესხები გალარება კვალავაც შესაძლებელია, მაგრამ უკვე სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. გალარების შემთხვევაში გაუქმებული იქნება სესხის წინასწარ გადახდის 2-პროცენტიანი საკომისიო.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, გალარების პროგრამის მიზანია, სავალუტო სესხი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა უკეთ შეუძლია და ისინი, როგორც წესი, ფიზიკური პირები არ არიან.

კომენტარები