თავდაცვა

შესაძლოა, რეზერვისტობა ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი გახდეს

სატანკო სწავლება ვაზიანში
facebook.com/mod.gov.ge

რეზერვისტობა ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი იქნება - სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციას თავდაცვის სამინტროს წარმომადგენლებმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გააცნეს.

წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით: რეზერვში სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, კონტრაქტზე ხელმოწერა და ქვედანაყოფში ჩარიცხვა კი შესაძლებელი იქნება 18-დან 55-წლამდე პირებისთვის; რეზერვისტები გაივლიან 45-დღიან მომზადებას ქვედანაყოფის შემადგენლობაში; ანაზღაურება განისაზღვრება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვიურად და გამოძახებისას 100% (სერჟანტ-კაპრალის ხელფასი წელიწადში შეადგენს 3 470 ლარს); სამსახურის პერიოდში სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო გარანტიებით; გამოძახება მოხდება ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების გეგმით ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის მიხედვით.

"მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ შემოდის აქტიური რეზერვი, რომელიც თავის მხრივ შედგება სამი კომპონენტისგან. მათ შორის არის სპეციალისტების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი, იგივე გვარდიის რეზერვი და შეიარაღებული ძალების რეზერვი. რეზერვის კონცეფციის დამტკიცებას აუცილებლად მოჰყვება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები", - თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა.

სამხედრო ანალიტიკური კვლევის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის გიორგი თავდგირიძის განმარტებით, ახალი კონცეფცია წინასგან განსხვავებულია, რეზერვი ერთიან მართვით სისტემაში ექცევა და შემოვა აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმაც.

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის ტარიელ ლონდარიძის შეფასებით კი, კონცეფცია დიდად არ განსხვავდება არსებული, უკვე მოქმედი სისტემისგან.

"ტერიტორიული თავდაცვის სისტემის შემოღება ეს არ არის ახალი. ძირითადი აპელირება ხდება, რომ თავდაცვის ქვედანაყოფების სისტემა შემოდის. ეს 2008 წლის ომის შემდეგ და იმ შეფასებების შემდეგ თუ რეზერვმა როგორ იმოქმედა, იმ ანალიზის შედეგად მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა. თუ აღნიშნულ სისტემას უფრო განავითარებენ, დახვეწენ და მობილურს გახდიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებას ყოველთვის გვერდით დავუდგებით და ვიქნებით მხარდამჭერები აღნიშნული რეფორმებისა", - განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.

კომენტარები