უმუშევრობის კომპენსაცია

სერგეენკო უმუშევრობის კომპენსაციაზე: ოპტიმალური და რეალისტური მოდელია საჭირო

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ქვეყანაში უნდა იქნეს მიღებული უმუშევრობის კომპენსაციის ისეთი სქემა - "რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალისტური". ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ სამინისტროში პროფკავშირებთან უმუშევრობის კომპენსაციაზე მოლაპარაკებები მიმდიენარეობს.

"ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც მსჯელობა და კონსულტაცია უნდა გაგრძელდეს. ეს არ არის ჯადოსნური გასაღები, სხვადასხვა ქვეყანას  სხვადასხვა გამოცდილება აქვს ამ მხრივ. უნდა იყოს მიღებული ისეთი მოდელი, რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალისტური, ამაზე მუშაობა და მსჯელობა რაც სამინისტროშია სულ მიმდინარეობს", - ამბობს სერგეენკო.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებელი 12%-ია (241 ათასი ადამიანი) რაც გასული 10 წლის მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა ასეთი დაბალი უმუშევრობის მიზეზი ის მეთოდლოგიაა, რომლითაც უმუშევრობის მაჩვენებელი გამოითვლება.

საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა სულ 1.77 მილიონია, საიდანაც 1.023 მილიონი თვითდასაქმებულია, 750 ათასი კი - დაქირავებით დასაქმებული. სოფლად უმუშევრობის მაჩვენებელი 4.8%-ია, ქალაქად კი ოთხჯერ მეტი, 21.4%, ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად მცხოვრებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ანაზღაურების, სხვა სარგებლის მიღების მიზნით მუშაობდნენ, დასაქმებულებად ითვლებიან. 

საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს. 

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს. 

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო. 

თვითდასაქმებულთა აბსოლუტური ნაწილი, ანუ დაახლოებით ერთი მილიონი ეკონომიკურად აქტიური მოქალაქე, სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9.9%-ს ქმნიან. თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ ან ნატურისთვის მუშაობს, ამავდროულად ისინი თავს დასაქმებულად არ თვლიან.

საქსტატის მეთოდოლოგია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მოთხოვნებს შეესაბამება. 

კომენტარები