უმუშევრობის კომპენსაცია

უმუშევრობის ერთჯერად კომპენსაციას 570 ათასი თვითდასაქმებული ვერ მიიღებს

gcn.com

24 აპრილს საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტი გამოაქვეყნა. გეგმის მიხედვით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულები ერთჯერადი კომპენსაციის სახით 300 ლარს მიიღებენ. 

გუშინ, 27 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ კომპენსაციას ვერ მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ. სამინისტროს ცნობით, ერთჯერადი დახმარების მისაღებად იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა იქნება საჭირო, სხვაგვარად, ერთჯერადი ანაზღაურების მიღება შეუძლებელი იქნება. 

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 1,690 მილიონს აღემატება. აქედან თვითდასაქმებულთა წილი 48,7% შეადგენს, რაც დაახლოებით 823,000-ია. 

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის პროგრამის ბიუჯეტი სულ 75 მილიონ ლარს შეადგენს, ამგვარად, გამოყოფილი თანხა მხოლოდ 250 ათასი თვითდასაქმებულისთვის იქნება საკმარისი, ხოლო 573 ათასი მოქალაქე კომპენსაციას ვერ მიიღებს. 

საქსტატი თვითდასაქმებულთა შესახებ სტატისტიკის წარმოებისას არანაირ დოკუმენტაციას არ ითხოვს და სიტყვიერ ინფორმაციას ეყრდნობა. თვითდასაქმებულად მიიჩნევა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა დიდი ნაწილი საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და არანაირი ოფიციალური შემოსავალი არ გააჩნია. 

ამგვარად, ფიზიკურ პირებთან დასაქმებული მოქალაქეების გარდა, ერთჯერადი კომპენსაციის მიღება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობასაც გაუჭირდება. 

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დაქირავებით დასაქმებულთათვის 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. პრემიერის თქმით, ამ პროგრამებით სარგებლობა ჯამურად 350 ათას მოქალაქეს შეეძლება, რაც ბიუჯეტს ჯამურად 460 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომენტარები