თურქეთი-ევროკავშირი

ერდოღანი ევროპას: თუ დამოკიდებულებას არ შეიცვლით, ვერ შეძლებთ უსაფრთხოდ სიარულს

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თუ ევროპული ქვეყნები თურქეთის მიმართ არსებულ დამოკიდებულებას არ შეიცვლიან, ვერცერთი ევროპელი მსოფლიოს მასშტაბით, ვერ შეძლებს "უსაფრთხოდ სიარულს".

"თუ ევროპა განაგრძობს ამ გზით მოქმედებას, ვერცერთი ევროპელი, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვერ შეძლებს ქუჩებში უსაფრთხოდ სიარულს. თურქეთი მოუწოდებს ევროპას, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას", - თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში თურქეთს გერმანიასთან და ჰოლანდიასთან ურთიერთობა გაუმწვავდა.

ერდოღანს სურდა, გერმანიის ორ ქალაქში თურქ მინისტრებს თურქულ დიასპორასთან ერთად 16 აპრილის რეფერენდუმთან დაკავშირებით მხარდამჭერი აქციები ჩაეტარებინათ, რაზეც გერმანიის მთავრობამ უარი უთხრა. ამის შემდეგ კი, მან გერმანიას ნაცისტური ჩვევების გამეორებაში დასდო ბრალი. მსგავსი კამპანიის ჩატარებაზე ერდოღანს უარი ჰოლანდიის მთავრობამაც უთხრა.

16 აპრილს თურქეთში საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდება. საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის შემთხვევაში, ერდოღანს ბიუჯეტის მართვის, მინისტრებისა და მოსამართლეების დანიშვნის და პარლამენტის დათხოვნის უფლებები შეემატება. რეფერენდუმში მონაწილეობას გერმანიაში მცხოვრები დაახლოებით 1.4 მილიონი თურქიც შეძლებს.

კომენტარები