თურქეთი-ევროკავშირი

ერდოღანი: საჭიროების შემთხვევაში დავშორდებით ევროკავშირს

16 სექტემბერს ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი შესაძლოა ევროკავშირს დაშორდეს, რითაც ქვეყნის მიერ ევროპულ ბლოკში გაწევრიანების მცდელობაზე საბოლოოდ უარის თქმაზე მიანიშნა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც, "არსებულ ვითარებაში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება". ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს თურქეთთან ურთიერთობისთვის "პარალელური და რეალისტური ჩარჩოს" შექმნისკენ მოუწოდეს.

"ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობის გაწყვეტას ცდილობს... ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში დავშორდებით ევროკავშირს". - თქვა ერდოღანმა ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 1999 წელს გააკეთა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები კი 2005 წელს დაიწყო. "დემოკრატიული უკუსვლის" გამო მოლაპარაკებები 2018 წელს გაიყინა.

კომენტარები