გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: მთელი საქართველო კრედიტზე ცხოვრობს, მამა გიორგიმ დეტალური ჩვენება მისცა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგიმ აბსოლუტურად ყველა კითხვას გასცა პასუხი. კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია კი აღნიშნავს, რომ გუშინდელი ჩვენების შემდეგ, პროკურატურას სრული უფლება აქვს, საქმის წარმოება შეწყვიტოს. დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გუშინ დასრულდა. 

"კრედიტთან დაკავშირებით, თანხებთან დაკავშირებით, რაში რა თანხა დაიხარჯა, რამდენი დღით მიდიოდა, რატომ მიდიოდა, როგორ მიდიოდა, დეტალურად გასცა ყველა კითხვას პასუხი. მთელი საქართველო კრედიტზე ცხოვრობს, მამა გიორგიმ გამოიტანა, შესაბამისად, შეიძინა 4500 ევრო, 2000 დოლარი, დანარჩენი თანხა, ლარებში რაც იყო, აქვს თავის ანგარიშზე. რაც შეეხება ის თანხები - სად რამდენი დაიხარჯა, ვის რამდენი მისცა, ყველაფერი დეტალურად თქვა ჩვენების დროს", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით კი, გიორგი მამალაძის ჩვენება მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და გასაჯაროებულ ვიდეოჩანაწერებთან.

"მთელი ის ინფორმაცია, რასაც გვაწვდის ბრალდებული, ეს არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. როდესაც ჩვენ უტყუარი მტკიცებულებები გავასაჯაროეთ, ვიდეოჩანაწერებს ვგულისხმოთ, გაეცნო, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, უკვე ახალი ვერსია მოიფიქრა ბრალდებულმა, ის აღნიშნავს, რომ ყველა ის ტერმინი, ის ფრაზა, რაზეც ის საუბრობს ამ ჩანაწერებში, თითქოს ეს იყო მისი ხუმრობა. იმდენად აბსურდული და დაუჯერებელია, რომ ალბათ, ამაზე შემდეგ საზოგადოებაც იმსჯელებს", - თქვა პროკურორმა.

პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა. მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებიან. გამოძიების მტკიცებით, დეკანოზმა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი იყიდა და გერმანიაში მიჰქონდა, რა დროსაც დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ფარულად უსმენდნენ, თუმცა, პროკურატურამ არ იცის, ვისგან შეიძინა მან ციანიდი.

კომენტარები