რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი ევროპარლამენტარებს: ჩვენი დადანაშაულება უსამართლო და უსაფუძვლოა

facebook.com/KvirikashviliOfficial

ევროპარლამენტარების მიერ 7 მარტს გავრცელებულ წერილს, სადაც 4 ფრაქციის წევრები რუსთავი 2-ის შესაძლო ხელში ჩაგდებასა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდნენ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, წერილით უპასუხა.

კვირიკაშვილი წერს, რომ მათ მიმართ წაყენებული ბრალდება კერძო კომპანიაზე ზეწოლასა და სასამართლოს საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით, უსამართლო და უსაფუძვლოა.

"ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ევროპული პოლიტიკური პარტიების ჩათვლით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. თქვენ არაერთხელ გაქვთ გამოხატული, რომ მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს და რომ აფასებთ მნიშვნელოვან საგარეო თუ შიდა გამოწვევებთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას. ამის გათვალისწინებით, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო 2017 წლის 7 მარტით დათარიღებული თქვენი წერილი; განსაკუთრებით გამაოცა მასში გამოთქმულმა მძიმე ბრალდებებმა. 

ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა შევასრულოთ ჩვენი ხალხის მოთხოვნების და წინსვლას მივაღწიოთ რეფორმების გზაზე, რათა საქართველო იქცეს ევროპული სტილის ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყნად, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ფუნდამენტური უფლებების დაცვას და სიტყვის თავისუფლებას, ასევე, ხელისუფლების მხრიდან ძალადობის, დევნისა და ზეწოლისგან თავისუფლებას. 

საქართველოს სხვა პარტნიორებისა და მეგობრების შეხედულებების და რეკომენდაციებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ყველა მტკიცებულებათა უგულებელყოფა და საქართველოს დადანაშაულება კერძო კომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში, რაც თითქოს ემსახურება, მისი მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ გზით დემოკრატიისა და მედიისადმი დარტყმის მიყენებას, რასაც ემატება ბრალდება სასამართლოს მანიპულაციაში კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მიღების მიზნით, ყოველივე ეს, ჩემი აზრით, უსამართლო და უსაფუძვლოა," - ნათქვამია წერილში. 

კომენტარები