იუსტიციის სამინისტრო

სააპელაციოს გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო უზენაესში გაასაჩივრებს

facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროდან 2014 წლის იანვარში გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ თეა წულუკიანს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს სამწლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე მათი სამსახურში აღდგენა დაეკისრა.

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მართლმსაჯულებისა და შრომის კოდექსის საკანონმდებლო რეფორმებმა საქართველოს სასამართლოები რეალურად დამოუკიდებელი გახადა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ნოემბერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი დავით მაისურაძე. ანა სუბელიანის თქმით, ეს ფაქტი მან და ახობაძემ გააპროტესტეს, მათ შორის, Facebook პოსტების საშუალებითაც, რასაც წულუკიანის მიერ მათი დაბარება მოჰყვა. 

სუბელიანმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ წულუკიანმა სხვა თანამშრომლებთან ისინი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია - "პირსისხლიანი მთავრობის დანატოვრები", "წინა მთავრობის გადმონაშთები", "ნაციონალების ძლოკვები" და სხვ.

სუბელიანის თქმით, მას და ახობაძეს ამის შემდეგ ორი თვის მანძილზე ავიწროებდნენ და ცდილობდნენ, რომ მათგანვე მიეღოთ განცხადება გათავისუფლების მოთხოვნაზე. 

"ეს არ გავაკეთეთ და 2014 წლის იანვარში გაგვათავისუფლეს რეორგანიზაციის საშუალებით. სასამართლოს წინაშე მოწმეებმა დაადასტურეს ყველაფერი, მათ შორის წულუკიანთან შეხვედრის დეტალები და ის ეპითეტები, რასაც ის გვიწოდებდა. ამდენად, სასამართლომ ეჭვქვეშ აღარ დააყენა ის ფაქტი, რომ ჩვენი გათავისუფლება მოხდა დისკრიმინაციის საფუძველზე და უკანონოდ. ასევე წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები ჩვენი პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად და არც ეს გამხდარა სადავო", - განუცხადა სუბელიანმა ტაბულას.

2016 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ისინი ითხოვდნენ სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს, თუმცა მოსამართლემ იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ ოთხი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. ამის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

კომენტარები