საყოველთაო ჯანდაცვა

40 000-ზე მეტი შემოსავლის მქონე პირთათვის საყოველთაო ჯანდაცვა დიფერენცირებული იქნება

ipress.ge

მოქალაქეებზე, ვისაც წელიწადში 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლები აქვთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დიფერენცირებულად გავრცელდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკოს თქმით, "გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, მიეღოთ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები, თუმცა მათ საკუთარი ჯანდაცვის დაფინანსების შესაძლებლობა ჰქონდათ". მინისტრის თქმით, სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე გამოიკვეთა დიფერენცირების აუცილებლობა.

"საყოველთაო ჯანდაცვის სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლების მიხედვით პირველი კატეგორიაა, რომელსაც 40 000 ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი. ისინი ოფიციალურად იხდიან ქონების გადასახადს. ასეთია 32 000 ადამიანი. მათგან 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. ხოლო 10 000-ს ჰქონდა მცდელობა, ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯანდაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამისად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე. რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებას და ახალი კომპონენტების გაჩენას მოწყვლადი ნაწილისთვის, როგორიცაა ამბულატორიული მედიკამენტი, ამ კვირის განმავლობაში გვექნება ძალიან დეტალური საინფორმაციო კამპანია და პირადად გავაცნობ საზოგადოებას ყველა ამ დეტალს", - ამბობს სერგეენკო.

დავით სერგეენკოს თქმით, ცვლილებები ძალაში სავარაუდოდ აპრილის მეორე კვირიდან შევა. პირველი მარტიდან კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რიგი ცვლილებები უკვე შევიდა. მთავარი ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციართა ბაზებს შეეხო, ცვლილებების შედეგად, ყველა, ვინც 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სარგებლობდა ნებისმიერი ტიპის კერძო დაზღვევით, პირველი მარტიდან ავტომატურად ამოვარდა საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციართა ბაზიდან. ცვლილების შედეგად, იმ მოქალაქეებს, ვისაც "დაშენებული" ტიპის სადაზღვევო პაკეტები ჰქონდათ, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტები გაუუქმდათ.

2017 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 660 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა პროგრამის შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც მას წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან 53 მილიონი ლარი დაემატა.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2015 წელსაც არ ეყო - იგი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. 2015 წელს პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონ ლარს შეადგენდა. 

კომენტარები