საყოველთაო ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების რიცხვი იზრდება – მინისტრი

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების რაოდენობა იზრდება. პროგრამით დაფინანსდება ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, სიმსივნის დიაგნოსტირების და მკურნალობის ის სერვისები, რომლებსაც აქამდე რეფერალის პროგრამა ფარავდა, ან სამინისტრო საერთოდ არ აფინანსებდა. 

ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვას იმ სერვისების დაფინანსება დაემატება, რომლებზეც, ბოლო წლებში, რეფერალის პროგრამაში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო.

"რეფერალის პროგრამა გამონაკლის შემთხვევებს აფინანსებს და მის მისაღებად სხვა პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, წლების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დამატებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბევრი სამედიცინო სერვისი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება. ასეთი მომსახურებები საკმაოდ ბევრია. ამიტომ, განვიხილავთ, დამატებით, რომელი მათგანი უნდა შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში". – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, სამინისტრო ასევე მუშაობს რეგიონებში დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომის გაზრდაზე.

კომენტარები