რუსთავი 2-ის საქმე

მარგველაშვილი: არ გავაკეთებ არავითარ განცხადებას სასამართლო შემადგენლობაზე

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღევანდელ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის კონტექსტში შეახსენეს, რომ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლე, რომელთაც ტელეკომპანიის საქმე განიხილეს, მის მიერაა წარდგენილი. პრეზიდენტმა კითხვას არ უპასუხა.

"მე ხაზგასმით არ გავაკეთე განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მიმაჩნია, რომ ხელისუფლების დაყოფა და დიფერენციაცია ამას ეხება სწორედ, რომ არ უნდა იყოს ჩემი ჩარევა სასამართლო პროცესში.

სამწუხაროდ, ამ სასამართლო პროცესს თან ახლდა ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი. ღია ეთერით გვესმოდა პოლიტიკოსების ძალიან მძიმე შეფასებები. მათი ჩარევა განცხადებების ფორმით ამ პროცესის მიმდინარე დეტალებზე.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ არ გავაკეთებ არავითარ განცხადებას სასამართლო შემადგენლობასა და გადაწყვეტილებაზე. პოლიტიკურად, ქვეყანაში დამოუკიდებელი, კრიტიკული და ასეთი რეიტინგული მედიისთვის სირთულეების შექმნა არის პრობლემა. დანარჩენი საკითხები სასამართლოს თემაა", - თქვა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ პალატაში, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილა, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოსამართლეები არიან: თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მისი მოადგილე მზია თოდუა, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი.

კომენტარები