რუსთავი 2-ის საქმე

იზორია რ2-ზე: გადაწყვეტილება აბსოლუტურად მისაღებია, სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა

ტაბულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, „პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“. ასე ეხმაურება ლევან იზორია უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ი ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

„მე დარწმუნებული ვარ ერთში, რომ რუსთავი 2 ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ რუსთავი 2, როგორც სხვა მაუწყებლობაც, გააგრძელებს თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში მოღვაწეობას. ეს არ არის პიროვნებების დაკვეთა, ეს არის საზოგადოების დაკვეთა, რომ საზოგადოება იყოს პლურალისტული, მედია იყოს თავისუფალი. ამიტომ, კანონიერი მფლობელის ხელში, მთავარი პრინციპი, რაც უკავშირდება თქვენს თავისუფლებას, რაც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას და განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლებას, იქნება უზრუნველყოფილი”, - ამბობს იზორია.

მისივე თქმით, თუ რომელიმე მხარეს არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს მისი გასაჩივრების შესაძლებლობები.

„სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დიდი ლეგიტიმური საფუძვლის მქონე, რომელიც საჭიროებს აღიარებას. არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობები, თუ რომელიმე მხარე არის წინააღმდეგი. ასე რომ, ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები, იმიტომ, რომ სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა“, - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები