რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის იურისტი: უზენაესი სასამართლოდან მივიღეთ პასუხი, რომ არანაირი სიახლე არ არის

დიმიტრი საძაგლიშვილი, ადვოკატი
ტაბულა

რუსთავი 2-ის იურისტის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანიის საქმეზე, რომლის განხილვაც უზენაეს სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს, ამ დრომდე არავითარი სიახლე არ არის. 

"სულ რამდენიმე წუთის წინ დავრეკეთ უზენაეს სასამართლოში და მივიღეთ პასუხი, რომ ამ დრომდე არანაირი სიახლე არ არის, მათ შორის, არ არის პასუხი აცილების შუამდგომლობებთან დაკავშირებით. თუმცა, ვინაიდან, პროცედურულად ჯერ ეს შუამდგომლობები უნდა განეხილათ და თუ დაკმაყოფილდებოდა რომელიმე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, უნდა ჩანაცვლებულიყო მოსამართლე, მე ვვარაუდობ, რომ არც ერთი შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული, რადგან გაგრძელდა სხდომა და არ გადაიდო ახალი მოსამართლის დიდ პალატაში ჩასმამდე" - ამბობს რუსთავი 2-ის იურისტი.

დიმიტრი საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს მოაკუთვნებს, რუსთავი 2-ის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

უკვე რამდენიმე საათია, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი ორის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. დიდი პალატის შემადგენლობაში არიან: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

რუსთავი 2-ის მხარემ ნინო გვენეტაძისა და მზია თოდუას, ხოლო ქიბარ ხალვაშის მხარემ ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძის აცილება მოითხოვეს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დღეიდან უზენაეს სასამართლოსთან, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პერმანენტული აქციები დაიწყო და მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ მისცემენ ხელისუფლებას საშუალებას, შეცვალონ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას, ქვეყნის მასშტაბით, არ ექვემდებარება.

კომენტარები