"ქართული ოცნება" 7 წლის თავზე გეგმავს, პრეზიდენტი არაპირდაპირ, ანუ არჩევნების გარეშე, აირჩიოს. ასევე, აპირებს, რომ უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნას, რომელიც მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს.
ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
"ზოგადად ვიტყვი, აქაც იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია, რომ თითქოს პრეზიდენტის სტატუსის და კომპეტენციების შეზღუდვა გვინდა. რომ მივყევით ჩვენ სტატუსის და კომპეტენციების მარეგულირებელ ნორმებს, გამოვიდა ასე, რომ, პრაქტიკულად, ვერაფერს ვერ ამოიღებ პრეზიდენტის თავიდან, იმდენად შეზღუდულია უკვე პრეზიდენტის უფლებამოსილებები. რადიკალურად და ფუნდამენტურად არის 2010 წლის რეფორმის შემდეგ შეზღუდული პრეზიდენტის უფლებამოსილებები. მინიმალურ ცვლილებებს და კორექტივებს თუ შევიტანთ სტატუსშიც და კომპეტენციებშიც, თორემ ამაზე მეტად პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვა არის, პრაქტიკულად, შეუძლებელი. ანუ თითქმის არ ვეხებით სტატუსსა და უფლებამოსილებებს.
გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ, ისევე, როგორც დღეს, მას დარჩება არსებითად თავდაცვის სფეროში უფლებამოსილებები, უბრალოდ, განსხვავებით დღევანდელი მოდელისგან, ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს. მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი. საომარი მოქმედების დროს არსებობს იმის ინტერესი და საჭიროება, რომ ხელისუფლების მოქმედების ერთიანი კოორდინაცია იყოს. აქედან გამომდინარე, სპეციალური მუხლი იქნება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის შემთხვევაში, ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო, მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი, ამ საბჭოს ეყოლება მუდმივი წევრები. მისი საქმიანობა იქნება, რა თქმა უნდა, იქნება უზრუნველყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ.
კიდევ ერთხელ გვინდა დავანახოთ ყველას, რომ ამოცანა არ არის ამ კონკრეტულ მოცემულობაში კონკრეტულ პერსონალიებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი არის საბოლოო წერტილი, სადაც გვინდა, რომ მივიდეთ. ეს წესი უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ 7 წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე.
კიდევ ერთხელ, არასწორი ინტერპრეტაციების საგანი ხდება ხოლმე პირდაპირი არჩევნები, არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა ამ წესს, როგორც ექსპერტების, ასევე თავად თანამდებობების პირების მხრიდან. რეალურად, არაპირდაპირი და პირდაპირი არჩევნები თავისთავად კომპეტენციებს არ ცვლის. კომპეტენციები არის გაწერილი მოქმედი კონსტიტუციით", - თქვა კობახიძემ.





