რუსთავი 2-ის საქმე

ქუმსიშვილი: რ2 იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებებს, თუმცა არ ვიღებთ შესაბამის ზომებს

დიმიტრი ქუმსიშვილი
ეკონომიკის სამინისტრო

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, რუსთავი 2 იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებებს, თუმცა სამინისტრო არ იყენებს შესაბამის ზომებს, რაც, მისი აზრით, ადასტურებს, რომ ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს.

"სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება არ ჩარეულიყო არანაირად ამ კერძო დავაში, ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2, თვიდან თვემდე, იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება ამ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს", - ამბობს ქუმსიშვილი.

როგორც ცნობილია, ხვალ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანია "პანორამას" მიაკუთვნეს. უზენაესი სასამართლო ქვეყანაში ბოლო ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

კომენტარები