SpaceX

SpaceX: 2018 წლისთვის მთვარეზე ორი ადამიანის გაგზავნა იგეგმება

AFP

ამერიკული კოსმოსური კომპანია SpaceX აცხადებს, რომ 2018 წლისთვის მთვარეზე ორი ადამიანის გაგზავნას შეძლებს.

კომპანიის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აღნიშნა, რომ მგზავრები პროფესიონალი ასტრონავტები არ იქნებიან. ისინი რიგითი მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც მთვარეზე ტურისტებად ჩავლენ. მასკმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ადამიანებმა მთვარეზე ვიზიტისთვის "სერიოზული თანხა გადაიხადეს".

მთვარეზე მიმავალი ადამიანების ვინაობა მასკმა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი იცნობენ ერთმანეთს და ჰოლივუდიდან არ არიან. მისი თქმით, ისინი მიმდინარე წელს საჭირო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც უკვე ფრენისთვის მზადება დაიწყება.

"ეს პროგრამა შესაძლებლობაა ადამიანებისათვის, პირველად ბოლო 45 წლის მანძილზე, დაუბრუნდნენ შორეულ კოსმოსს", - ამბობს მასკი.

მასკმა ისიც აღნიშნა, რომ მთვარეზე გაფრენის გეგმა კომპანიისა და NASA-ს თანამშრომლობით განხორციელდება.


ფოტო: Reuters

კოსმოსური ხომალდის პირველი გაფრენა უპილოტო იქნება, მეორე დაგეგმილი გაფრენა კი უკვე ბორტის ეკიპაჟის წევრებთან ერთად, 2018 წლის მეორე ნახევარში განხორციელდება.

მასკის თქმით, ტურისტებმა იციან, რომ მთვარეზე გაფრენა სარისკოა, თუმცა მათ ეს რისკები გაცნობიერებული აქვთ. მასკის თქმით, კომპანია ეცდება, რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს, თუმცა ისინი ნულის ტოლი ვერ იქნება.

SpaceX-ის გეგმის მიხედვით, კოსმოსური ხომალდი მთვარეს წრეს დაარტყამს. ვიზიტი მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.

მასკის თქმით, თუკი თავად NASA-ს ასტრონავტები მოისურვებდნენ, კომპანია მზად იყო, ხომალდზე ადგილები მათთვისაც გამოეყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ამერიკას მთვარეზე ასტრონავტები 1970 წლის შემდეგ არ გაუგზავნია.

კომენტარები