SpaceX

ილონ მასკის SpaceX-ის რაკეტამ პირველი წარმატებული სატესტო გაფრენა შეასრულა [VIDEO]

ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის რაკეტა Starship SN15-ი სატესტო გაფრენის დროს პირველად დაეშვა წარმატებულად. აქამდე ამ ტიპის რაკეტები გამოსაცდელი ფრენის დროს ფეთქდებოდა. გაფრენა პირდაპირ ეთერში SpaceX-ის სოციალურ ქსელებში გადაიცემოდა.

Starship SN15 ტეხასში, ბოკა-ჩიკაში არსებული პოლიგონიდან გაუშვეს. ხომალდი 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც გამოირთო მისი ძრავა და რაკეტამ კონტროლირებული ვარდნა დაიწყო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რის შემდეგაც ხომალდის ძრავა ისევ ჩართო, ის ვერტიკალურად გასწორდა და წარმატებულად დაეშვა პოლიგონზე. სატესტო გაფრენა 6 წუთი გრძელდებოდა.

ეს Starship-ის ტიპის რაკეტის პირველი წარმატებული სატესტო გაფრენაა. ამ რაკეტის უფრო ადრეული პროტოტიპები გამოსაცდელი ფრენების დროს ფეთქდებოდა. ბოლო გამოსაცდელი გაფრენა 30 მარტს გაიმართა და SN11-ი დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე აფეთქდა. მანამდე, 4 მარტს SN10 პროტოტიპმა წარმატებით დაშვება მოახერხა, მაგრამ დაშვებიდან 8 წუთში აფეთქდა. სატესტო გაფრენის დროს აფეთქდა Starship-ის  SN8 და SN9 პროტოტიპებიც.

Starship-ის პროექტი SpaceX-მა 2019 წელს წარადგინა. Starship-ი გათვლილია ადამიანების გადაყვანასა და ტვირთის გადატანაზე დედამიწის ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე. მასკის გათვლებით ეს ხომალდი მარსზე 2026 წელს გაემგზავრება.

კომენტარები