გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორის მოადგილე: თუ გახსოვთ შოთაძის პასუხი, რომ მას პატრიარქზე არ უსაუბრია?

გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის მტკიცებით, 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი შოთაძეს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე არ უსაუბრია. მისი თქმით, "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაზე" მოწმე მიუთითებდა და არა პროკურატურა.

"ახლა მე რასაც ვიტყვი, ალბათ, ამას ეთერში არ გაუშვებთ, მინდა გკითხოთ, თქვენ ხომ უყურეთ, რა განაცხადა ირაკლი შოთაძემ? ამობეჭდილი უნდა წამომეღო, ალბათ, და მეჩვენებინა თქვენთვის. [ის ამბობდა] რომ მოწმე, რომელმაც მიმართა პროკურატურას, აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ჩატარდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები და დღევანდელი მტკიცებულებებით, რაც საქმეზე არის შეგროვებული, დგინდება, რომ იგეგმებოდა, ამას უკვე პირველ პირში ლაპარაკობს პროკურორი, ერთ-ერთი პირის მკვლელობა. შემდეგ იყო დასმული კითხვა - არის აქ საუბარი საქართველოს პატრიარქზე? იყო ასეთი კითხვა დასმული პრესკონფერენციაზე, პასუხი გახსოვთ? არ გახსოვთ? თქვენ თუ გახსოვთ, რომ პატრიარქზე არ უსაუბრია?" - ამბობს გოგაძე.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს აცხადებდა, რომ მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღეში პროკურატურამ განმარტა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ადვოკატის განცხადებით კი, ბრალში პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაზეა საუბარი.

აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი. მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის თქმით, "თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, რომ არის ის ეტაპი, როდესაც შეიძლება ამის გაუქმება, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს გამომძიებელი და პროკურორი".

კომენტარები