დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: საქმეში არ არის მტკიცებულება, როდის, სად და ვისგან შეიძინა ციანიდი

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და მღვდელი გიორგი მამალაძე
facebook.com/batum.lazeti

ბრალდებულ დეკანოზ მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ციანიდის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ნათელს მოჰფენდა, როდის, ვისგან და სად შეიძინა საპატრიარქოს მაღალჩინოსანმა ციანიდი. ადვოკატის თქმით, ეს მტკიცებულება საქმეში არ დევს, მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგი თვალთვალისა და მიყურადების ქვეშ იყო. ამის შესახებ ადვოკატმა რუსთავი 2-ს განუცხადა. 

"როცა გამოძიება დაიწყო, მამა გიორგის მიმართ თვალთვალისა და მიყურადების შესაბამისი ბრძანებაც იყო გაცემული. დღემდე არ არსებულა და არ არსებობს საქმეში ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს და დრო არის განსაზღვრული, სად, როდის, ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ აღნიშნული ციანიდი. ე.წ. შხამი ციანიდი.

იმიტომ, რომ საბრალდებო დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული ნივთიერება დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან იქნა შეძენილი. თუ ეს არ არის დადგენილი, რატომ იქნა ასეთი ვარაუდი დასაბუთებული, რომ, თურმე, არსებობს საერთოდ დანაშაული, რომელიც უნდა აღიკვეთოს და ამისთვის მზადება მიმდინარეობდა. მე დარწმუნებული ვარ და და ვიცი კიდეც, რომ როცა მამა გიორგის მხრიდან ჩვენება იქნება მიცემული, ის მტკიცებულება, რომ თითქოსდა მას ჩანთაში აღმოაჩნდა ციანიდი, თვით საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებითაც კი დიდი კითხვის ქვეშ დააყენებს არსებულს", - ამბობს რამიშვილი.

კომენტარები