გიორგი მამალაძის საქმე

დღეს გამომძიებელი მამა გიორგისთან ციხეში მივა და ექსპერტიზისთვის ნიმუშებს აიღებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ხმის ექსპერტიზის ჩატარება იგეგმება. სამართალდამცველები ექსპერტიზის ნიმუშების ასაღებად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულს შეხვდებიან. პროცესს ადვოკატებიც დაესწრებიან. ამის შემდეგ კი, დიდი ალბათობით, მკვლელობის მომზადების საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკითხავენ. 

"პროკურატურიდან გაგვიკავშირდა გამომძიებელი, მან გამოთქვა სურვილი, ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, აეღოთ ექსპერტიზის ნიმუშები. შევთანხმდით, რომ შუადღეს აიღებენ ნიმუშებს, გამომძიებელი შემოვა მატროსოვის ციხეზე, ჩვენც შევალთ. დიდი ალბათობაა, რომ საექსპერტო ნიმუშების აღების შემდეგ, მოხდეს მამა გიორგი მამალაძის დაკითხვაც", - ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის სრულყოფილი ჩვენება არ მიუცია. თავდაპირველად, ადვოკატი ამბობდა, რომ მამა გიორგი დუმილის უფლებას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ დაარღვევდა. თუმცა, პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის თქმით, დაკავებული დეკანოზის საპატრიარქოში მიყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ მოინახულებს მამა გიორგის. ამასთან, პატრიარქის მდივანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თხოვნა იყო - "რაც შეიძლება, თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა". 

გუშინ მამა გიორგის ადვოკატები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ და სასულიერო პირებს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნეს. ამის შემდეგ, პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ადვოკატებს სთხოვეს, გადასცენ დაკავებულ დეკანოზს, რომ ჩვენება მისცეს.

კომენტარები