საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოში გიორგი მარგველაშვილი მივიდა

ტაბულა

საქართველოს საპატრიარქოში, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მსჯელობენ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მივიდა. მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ბერლინიდან დაბრუნებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გუშინაც მოინახულა.

შეხვედრის დაწყებამდე, მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამა გიორგი თევდორაშვილმა თქვა, რომ არა მხოლოდ ის, არამედ მთელი საქართველო დაინტერესებულია საქმის დეტალებით.

"ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა, იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და გაირკვევა მტყუან-მართალი", - ამბობს მამა გიორგი თევდორაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა საპატრიარქოში აუდიტის სამსახურის შესვლას, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ ეს ახლა მეათეხარისხოვანია.

"მთავარია, სიმართლემ გაიმარჯვოს. აუდიტი მეათეხარისხოვანია. მთავარია, მამა გიორგის მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ეკლესია, ერი და ბერი დადგეს ერთად, სიმართლის მხარეს", - ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ წერილში, რომელიც რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა და სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერაა დაწერილი, საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

ამასთან, გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ "ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და კარგად დამთავრდება".

 

კომენტარები