ომბუდსმენის აპარატი დღეს გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაზე მითითება არ არის. ამასთან, სახალხო დამცველი პროკურატურასა და მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპს.
"საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო განცხადების თანახმად, ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დეკანოზის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ მათ შორის, პარლამენტის წევრები, პრემიერმინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მათ დადებითად შეაფასეს, საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობა და აღნიშნეს, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და პატრიარქს სახელმწიფო იცავს. ცხადია, ასეთი განცხადებები საზოგადოებას სავარაუდო დანაშაულის ადრესატად სწორედ პატრიარქზე მიანიშნებს.
საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 14 თებერვალს შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულ გიორგი მამალაძეს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი მამალაძის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითება სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაზე. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან საუბრისას ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას აბსურდს უწოდებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. საჯარო პირებს გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ვალდებულება აკისრიათ, თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადების გაკეთებისაგან, რომლითაც შესაძლებელია წინასწარ ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან", - აცხადებს ომბუდსმენი.
საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, საჯაროდ არ გაამჟღავნონ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ზომის გამოყენება შეესაბამება კანონს, როდესაც იგი აუცილებელია გამოძიების ინტერესებისთვის.
"ნიშანდობლივია, რომ გიორგი მამალაძის ბრალდებასთან დაკავშირებით შინაარსობრივი მონაცემები თავად პროკურატურის მიერ ვრცელდება. შესაბამისად, გაუთქმელობის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას შეიძლება ისახავდეს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაავრცელოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზნით მოხდა დაცვის მხარისთვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება, ასევე, გააუქმოს იგი, როდესაც აღარ იარსებებს გაუთქმელობის უკიდურესი აუცილებლობა, რათა არ დაირღვეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი", - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადების საპირისპიროდ, გავრცელდა პროკურატურის ინფორმაცია, რომ "პატრიარქის ან რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა".
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობას ედავება, რისთვისაც, უწყების მტკიცებით, დეკანოზმა შხამიანი ნივთიერება ციანიდი მოიპოვა და გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც, იმ დროისთვის, კათალიკოს-პატრიარქი მკურნალობდა.





