ბიბლუსი

ბიბლუსი: რამდენიმე თანამშრომლის მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლე არ არის

წიგნის მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის" მტკიცებით, „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომლების ნაწილის სახელით გავრცელებულ მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. მათი განმარტებით, სამუშაო საათები „ბიბლუსი გალერიში“ განისაზღვრება 8 საათით (ორცვლიანი სამუშაო გრაფიკი) და მოქმედებს ეფექტური საბონუსე სისტემა. 

„ბიბლუსი გალერის რამდენიმე თანამშრომლის გავრცელებულ მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის არიან თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან დათხოვილი იყვნენ არასათანადო მუშაობის გამო, ორი მათგანი კი, სულ რამდენიმე კვირაა, მუშაობს გალერეაში და ჯერ სარეზერვო კადრია, რაც ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობს. 

სამუშაო საათები „ბიბლუსი გალერეაში“ განისაზღვრება 8 საათით (ორცვლიანი სამუშაო გრაფიკი) და ამასთან მოქმედებს ეფექტური საბონუსე სისტემა. სეზონურად მომატებული სამუშაოს დროს, სურვილის შემთხვევაში თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს დამატებით, რაშიც იღებს ბონუსებს, რომლის ოდენობა ხშირად 2-ჯერ აღემატება ხელფასს. 

ბიბლუსი მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების განწყობაზე და განვითარებაზე. ჩვენ მზად ვართ, პირადად მოვისმინოთ სამართლიანი და დასაბუთებული შენიშვნები თითოეული დასაქმებულისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინფორმირებულობა და ახლო მომავალში გამოვაქვეყნებთ ყველა კონკრეტულ ბრალდებაზე, კონკრეტული ფაქტებით გამყარებულ პასუხს“, - ნათქვამია ბიბლუსის განცხადებაში. 

"ბიბლუსი გალერის" რამდენიმე თანამშრომლის მიმართვა გუშინ "აუდიტორია 115"-მა გაავრცელა. ისინი "მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე" საუბრობენ. მათი თქმით, აქვთ მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი, ზეგანაკვეთური მუშაობა კი, არ უნაზღაურდებათ. 

კომენტარები