საზოგადოებრივი მაუწყებელი

აბესაძე GPB-ზე: რეფორმა არსებულის დანგრევას და ნულზე დაყვანას არ ნიშნავს

ტაბულა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. აბესაძემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და მათ სიტყვა "რეფორმის" მნიშვნელობა განუმარტა.

"ისტერიული შეტევა გაქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომლის კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა საზოგადოებისთვის ინტერესის შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზება. მგონი, თქვენ სიტყვა "რეფორმის" მნიშვნელობა არ გესმით. რეფორმა არსებულის დანგრევას და 0-ზე დაყვანას არ ნიშნავს. რეფორმა არ ნიშნავს ყველა გადაცემის დახურვას. რეფორმა ნიშნავს კარგის შენარჩუნებას და ხარვეზების გამოსწორებას. თქვენ მიხვედით და ფაქტობრივად მთლიანად გააუქმეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს, გამოდის, რომ ბიუჯეტიდან 46 მილიონი ლარი უნდა ვიხადოთ GDS-იდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაბარგებული ადამიანების ხელფასში, რომელთა ხელფასის გადახდა ივანიშვილმა აღარ მოინდომა და ბიუჯეტის ტვირთად აქცია", - თქვა ირაკლი აბესაძემ.

15 მილიონი ლარი არის ის თანხა, რის დაზოგვასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი თანამშრომელთა ოპტიმიზაციის გზით გეგმავს. 

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია.

დახარჯული თანხის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, იანვრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.3% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 28.9%, იმედის რეიტინგი კი 26.5% იყო.

კომენტარები