რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: გვენეტაძეს შექება ეკუთვნის, რომ მალე გააგებინა ზეწოლაზე პროკურატურას

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს შექება ეკუთვნის, რადგან მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართვა სწრაფად გადაუგზავნა. წულუკიანი კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გვენეტაძეს ზეწოლის შესახებ საჯაროდ უნდა განეცხადებინა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვისაც დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოიქცა სწრაფად და მას პირიქით ეკუთვნის შექება იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე გადაგზავნა პროკურატურაში ეს საქმე. სწორედ ამაში გამოიხატება მისი მოკავშირეობა საკუთარი მოსამართლეებისადმი, რადგან მას ასე ევალებოდა კანონით. მან გამოუცხადა მხარდაჭერა თავის კოლეგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნისგან თუ მაღალჩინოსნებისგან ხორციელდებოდა და ხორციელდება ზეწოლა. უნდა ვიყოთ მოხარული, რომ არავინ დახუჭა თვალი ამგვარ ბრალდებაზე, რომელიც მომდინარეობს არა რიგითი მინისტრისგან ან რომელიმე მოქალაქისგან, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან", - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მოსამართლეებს წერილები და ტექსტური შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიუვიდათ. ამასვე ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც შესაბამისი მიმართვა გადაუგზავნა პროკურატურას. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მოსამართლეებს საჩივრის შინაარსი ზეწოლით შეაცვლევინეს და სუბიექტად არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელებინეს.

კომენტარები