ბლოგი

ჩვენი იარაღი სამოქალაქო აქტივიზმია!

წაიკითხეთ, თუ სამოქალაქო აქტივიზმი გაინტერესებთ.

ევროპისკენ გადადგმულ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გილოცავთ. ამ წერილის დაწერა როცა გადავწყვიტე, სხვა საქართველოში ვცხოვრობდი. დღეს, უკვე სხვაა და შეიძლება, ისე არ წაიკითხოთ, როგორც ერთი კვირის წინ. მაინც ვცდი. წერილის დაწერა გია ცერცვაძის საქმემ გადამაწყვეტინა. მაშინვე გამახსენდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთი წინადადება, წინადადება, რომელიც ამ დოკუმენტში მთავარ სათქმელს ამბობს:

"ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას"

კრიზისიდან კრიზისამდე, ცვლილებიდან ცვლილებამდე, გვავიწყდება საიდან მოვდივართ და საით გვაქვს გზა. ემოციური ხალხი ვართ. სანამ ემოცია მოგვეძალება, მოდუნებულები დავდივართ და უღონო თვალებით ვუყურებთ ერთმანეთს, აბუჩად ვიგდებთ ყველაფერს და ცინიკურ ფრაზებს არ ვიშურებთ ერთმანეთის მიმართ.

ჩვენ პროტესტის ისტორიიდან მოვდივართ

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია პროტესტის ისტორიაცაა. პროტესტის, რომელიც უკეთესი ქვეყნის ქონის სურვილით მოტივირებულ ათასობით ადამიანს აერთიანებს. სხვადასხვა დროს, პროტესტის გამოხატვა განსხვავებული იყო. თუ ზოგჯერ უკეთ იყო გააზრებული პროტესტის საფუძველი, სამოქმედო გეგმა, მოქმედი პირები და მიზანი, უფრო ხშირად, პირიქით ხდებოდა - პროტესტი სპონტანურად ვითარდებოდა და მცირე ჯგუფებს ვერ სცდებოდა, ვერ ამყარებდა კომუნიკაციას ფართო საზოგადოებასთან. დღევანდელი ახალი თაობა, უფრო მეტად, ამგვარი პროტესტის დამკვირვებელი ან მონაწილეა.

დემოკრატიულ შიზოფრენიას თავი უნდა დავაღწიოთ

რუსმა სამოქალაქო აქტივისტებმა თავის თავს „დემშიზა“ (დემოკრატიული შიზოფრენია) დაარქვეს. ამ ტერმინს ისეთი აქტივისტის დასახასიათებლად იყენებენ, საკუთარ პოზიციას რომ გამოხატავს, მაგრამ, მის დასაცავად, შემდგომ ნაბიჯებს ვეღარ გეგმავს. „დემშიზა“ საშიშია. მოძრაობის ილუზიას ქმნის და რეალურად, ადგილზე სირბილია. „დემშიზაა“ მიტინგზე მდიდრული მანქანით მისვლა და იქ ღარიბების უფლებებზე ლაპარაკი; „დემშიზაა“ მასწავლებელზე 20-ჯერ მეტი ხელფასის ქონა იმგვარი კვლევების წერაში, რომლის პრეზენტაციის კეთებაც აუცილებლად მდიდრული ფურშეტის თანხლებით გვიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი არ მოვა.

"მე და ჩემი ნაბადი"

დემოკრატიულ შიზოფრენიას, მაღალ სიცხესთან ერთად, „უკიდეგანო ელიტიზმიც“ ახასიათებს. ცოდნის ბურუსიდან მოცქირალი და დაუღალავად მბეჭდავი „ბლოგერები“ ვირტუალურ სივრცეებს იპყრობენ და სამოქალაქო აქტივიზმს წამიერი სიამოვნების მიღების გამოცდილებად აქცევენ, სადაც ყველაზე მთავარი „ვირტუალური აქტივისტის“ მიერ დაწკაპუნებული ლაიქი და ამ დროს გამოყოფილი ადრენალინის შეგრძნებაა. საჯარო სიკეთის რეალურ დროში შექმნის სურვილის ნასახიც კი აღარ რჩება. ასეთ ბლოგერებს შეუძლიათ, დაუღალავად აკაკუნონ კლავიატურაზე, ერთმანეთს ყველაზე მაგარი „ევროპიელობა“ უმტკიცონ - ლიტერატურული ნაწარმოებების მოშველიებით და ყველაზე თანამედროვე იდეების უკრიტიკოდ მიღებითა და გავრცელებით.

"სამოქალაქო ანარქია" ოლიგარქების ოაზისია

საბოლოო ჯამში, მივიღეთ რეალობა, სადაც ჯერ ბადრი პატარკაციშვილი გახდა „ოპოზიციის“ ლიდერი და შემდეგ ბიძინა ივანიშვილი. ორივე რუსი ოლიგარქი და ორივე ფულით შეიარაღებული. ფული იდეის წინააღმდეგ ბრძოლაში - გამარჯვებული გამოვიდა ფული. იდეა ბლოგების გაცრეცილ კედლებსა და კომენტარებში ჩაიღვენთა. „დემოკრატიული შიზოფრენიის“ ოდისეა ოლიგარქის გამარჯვებით დასრულდა. მას შემდეგ, უკვე ხუთი წელი გადის, სახელმწიფომ საკუთარი მებრძოლი არ დაიცვა და ახირებული „დემშიზა“ აქტივისტები ხან სოციალისტური ოაზისის მშენებლობაზე ოცნებობენ, ხან სრულ ნიჰილიზმში ვარდებიან და ხანაც ქვეყნიდან გაქცევას ქადაგებენ.

ტყუილად არ ამოვიჩემე ეს ხალხი. ყველაზე აქტიური პოზიციები სწორედ ამ სამი მიმართულებით ჯგუფდება, რაც სამწუხაროა და ახალ თაობას დამახინჯებულ წარმოდგენას უქმნის სამოქალაქო აქტივიზმზე, სამოქალაქო მოძრაობაზე.

არ უნდა ავყვეთ თამაშის ამ წესს

არ უნდა მივცეთ უფლება ამ ვირტუალურ რეალობას, წაგვლეკოს და იმაზე მეტი ადგილი დაიკავოს, ვიდრე ეკუთვნის - ემსახუროს ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელებას. არ უნდა მოვკლათ ნამდვილი სამოქალაქო აქტივიზმი, რომელსაც აქვს მიზანი, ჰყავს ბევრი მომხრე და აქვს უნარი, ზვიგენივით იმოძრაოს მხოლოდ წინ, დასახული მიზნისკენ, ჯიუტად და ერთგულად - მანამ გამარჯვებას არ მიაღწევს. მხოლოდ ასეთი სამოქალაქო აქტივიზმი შეძლებს, მყარად დაგვაყენოს ფეხზე, დაგვიბრუნოს საკუთარი თავის მიმქრალი რწმენა და ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრებად გვაგრძნობინოს თავი.

გვჭირდება მკაფიო ხედვა

მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ვუახლოვდებით, სახელმწიფოს შიდა გარდაქმნისა და განვითარების გეგმა კვლავაც შეუთანხმებელი გვაქვს. იდეოლოგიზებული ჯგუფები უტოპისტურ სცენარებს ხატავენ, ამასობაში კი, მკაფიო ხედვის არარსებობა საყოველთაო ნიჰილიზმს იწვევს და სოციალურ ქსელებში გვიტყუებს, დარდის მოსაკლავად. როგორც ერთი გამოცდილი მეგობარი მწერდა - ჩვენ ვერ შევთანხმდებით, ჩვენ შეიძლება ერთმანეთს დავეთანხმოთო. დღეს ასეა, ერთმანეთთან ურთიერთობის სიმწირემ ერთმანეთთან ლაპარაკისა და პრობლემების განხილვის, გამოსავლის ძებნის სურვილი დაგვიკარგა. სოციალურ ქსელებში ყველა ლიდერია, ყველა მთავარია, ყველა „პრინცია“. სხვის პოსტზე განსხვავებული აზრი იდევნება ღია შეურაცხყოფებით, ბულინგითა და ერთმანეთისგან იზოლაციით.

ყოველთვის ვცადოთ "შეთანხმება"

ძნელია განსხვავებულ აზრთან ურთიერთობა, მაგრამ გარდაუვალია. სამოქალაქო აქტივისტები მოწინააღმდეგეების მეგობრებად ქცევას ცდილობენ. ძნელია, იმეგობრო ყველასთან, მაგრამ სცადო და იმეგობრო უფრო მეტთან - შესაძლებელია. წარმატებული სამოქალაქო აქტივისტებისთვის განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან შეთანხმება გამარჯვების მთავარი რეცეპტი იყო და იქნება.

მხოლოდ რეალისტური მიზნები

არ შეგიძლია? ნუ მოკიდებ ხელს! გააკეთე ის, რასაც ბოლომდე მიიყვან. დაიწყეთ პატარით და გადადით დიდ საქმეებზე. კარგად გაკეთებული, ყველა საქმე შედეგის მომტანია. წარმატებისთვის მიუღწევია მცირე ჯგუფსაც, თუ იდეის გარშემო გაერთიანებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, ცდილობდა დასახული მიზნისკენ ჯიუტად სიარულს. ნუ იტყვით, რომ ხართ ათასი, თუ ხართ ათნი. იყავით ათნი და დაიმეგობრეთ მეთერთმეტე და ასე, შეუჩერებლად. დრო ბევრია, როცა თქვენი საქმის რწმენა გაერთიანებთ.

ქუჩის პროტესტი აქტივიზმის ერთადერთი ფორმა არ არის

ქუჩაში დგომა პროტესტის გამოხატვის ერთადერთი ფორმა არ არის. იფიქრეთ სხვა ფორმებზეც. მთავარია, ნებისმიერი მოქმედების მერე, იყოთ უფრო მეტნი, ვიდრე მანამდე იყავით. სამოქალაქო აქტივიზმის ძალა მომხრეთა რაოდენობაშია და ნუ დაინანებთ დროს, ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ნურც იმაზე ინაღვლებთ, თუ თქვენს ფანტაზიას ბოლომდე გასაქანს ვერ აძლევთ. იაზროვნეთ გლობალურად და იმოქმედეთ ადგილობრივი წესების პატივისცემით. ნუ გამოხატავთ პროტესტს სიშიშვლით, ყველაზე ტრადიციულ თემში, თუ სპეციალურად არ ცდილობთ მათ პროვოცირებას. შეისწავლეთ საზოგადოება, რომელთანაც ურთიერთობას აპირებთ და პატივი ეცით მათ წესებს.

ნუ შეგაშინებთ გამოუცდელობა

ნებისმიერი ნაბიჯი ახალი გამოცდილებაა. შიში მაშინაა ძლიერი, როცა არ იცით, რასთან გექნებათ საქმე. შიში ფიზიკური მდგომარეობაა. შიში კარგია, გახსენებთ, რომ ცოცხალი ხართ და საფრთხეს ანგარიში უნდა გაუწიოთ. ნუ მისცემთ უფლებას, იმაზე მეტად შეგაჩეროთ, ვიდრე ეს სიტუაციის გაანალიზებას სჭირდება. იმოძრავეთ, მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან დინებას.

დღეს ჩვენ ერთად ვართ

საქართველოს ისტორიაში, ძნელია გავიხსენოთ დრო, როცა ასე ინტენსიურად ურთიერთობდა ერთმანეთთან საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი. უნივერსიტეტებში, ყოველწლიურად, ათასობით ახალგაზრდა აბარებს, სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან. დღეს, საქართველოში, ახალი საზოგადოება ყალიბდება. საზოგადოება, რომელმაც დაძლია კუთხური იზოლაცია და ახალ იდეებსა და ღირებულებებს ეცნობა. დროა, სამოქალაქო აქტივიზმმაც ახალი სახე შეიძინოს და ერთი აქტიური ჯგუფის ფარგლებს გასცდეს. ნუ მოგერიდებათ შეკრებისა და თქვენი აზრის ღიად გამოხატვის, ნუ მოგერიდებათ მიმართვის, წერილის გაგზავნის სახელმწიფოს მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან. ჩვენ უნდა გავხდეთ განათლებული საზოგადოება, რომელიც თავს არ დააჩაგვრინებს კაბინეტებში მოკალათებულ ჩინოვნიკებს. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი - გვეუბნება კონსტიტუცია და გვაძლევს ხელში იარაღს, რომლითაც შეგვიძლია, დავამარცხოთ ნებისმიერი, ვინც ამ უფლების წართმევას გადაწყვეტს. ამიტომ, ნუ დაველოდებით სხვას, გვქონდეს დამოუკიდებელი აზრი და ვისწავლოთ ერთმანეთთან ურთიერთობა. მხოლოდ ასე გაიმარჯვებს სამოქალაქო აქტივიზმი და მხოლოდ ასე შევძლებთ ვიყოთ საზოგადოება!

ახლაც, ლამისაა ევროპაში მიგვიღონ და იმის ნაცვლად, რომ სტუმრის დასახვედრად მოვემზადოთ, სახლი დავალაგოთ და ხელები დავიკაპიწოთ, ერთი სული გვაქვს, იქით გავიქცეთ, სხვის მოვლილ ეზოში წამოვწვეთ და სხვისი მორთმეული მივირთვათ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ძნელია, გაქცევაზე არ იფიქრო. ძნელია, უერთგულო იდეას, როცა მის მცველობას ხან საბჭოური დროის „ელიტა“ და ხანაც - საფრანგეთის მოქალაქე „რუსი ოლიგარქი“ იჩემებს. ამ ყველაფერს ემატება მთავრობა, რომელიც საკუთარ მებრძოლს ვერ იცავს, ყიდის ეროვნულ ინტერესებს, საიდუმლო სამხედრო ბაზაზე უშვებს რუსეთის ჯაშუშს და ცდილობს, ეს ყველაფერი „გონივრულ“ ნაბიჯებად შემოგვასაღოს.

დღეს სხვა საქართველოში ვცხოვრობთ

დღეს, 2 თებერვალს, დიდი ამბავი მოხდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აუცილებელია კარგზე ფიქრი. ერთი წამითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი თავისუფლების გარანტი ჩვენვე ვართ და მტერი გაიმარჯვებს მაშინ, როცა დავკარგავთ ამის რწმენას და არა მაშინ, როცა დაგვიპყრობს ან გაგვაღატაკებს. მტერი გაიმარჯვებს, როცა საკუთარი თავის რწმენას დავკარგავთ და რთული მდგომარეობიდან გამოსვლას აღარც კი ვცდით.

დღეს, ევროპელმა დეპუტატებმა შეგვახსენეს, რომ ევროპული ოჯახის წევრები ვართ და ჩვენი ვალია - ისევე, როგორც 78-ში, 89-ში და 2003-ში, ერთმანეთს შევახსენოთ, რომ რაღაც შეგვძლებია და საქართველო გრძელდება. გრძელდება არა ფურცელზე, არამედ რეალურ დროში, ევროპაში, ჩვენ გულებსა და გონებაში.

ევროპელმა დეპუტატებმა დიდი ენერგია გამოგვიგზავნეს, მაგრამ ამ ენერგიას გავფლანგავთ, თუ მხოლოდ პოლიტიკოსების შემყურე დავრჩებით და ჩვენს, მოქალაქეების როლს ვერ დავინახავთ, მომავლის ხედვის შექმნაში. არაერთხელ დაგვიშვია ეს შეცდომა და დიდი ენერგიის დახარჯვის ფასად დაგვჯდომია მისი გამოსწორება. აღარ გავიმეოროთ დაშვებული შეცდომები და დროულად მივხედოთ საქმეს, გამოვფხიზლდეთ და დროულად ავიღოთ ხელში ის ერთადერთი იარაღი, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეებს მისცა კონსტიტუციამ - სამოქალაქო პროტესტი და სამოქალაქო წინააღმდეგობა. იარაღი, რომელმაც შეძლო და მრავალსაუკუნოვანი წარუმატებლობის შემდეგ, საქართველო ჯერ სუვერენული სახელმწიფოების ოჯახის წევრი და დღეს კი, ელიტურ სახელმწიფოთა ოჯახის ახლო მეგობარი გახადა.

კომენტარები