ინფლაცია

საქსტატი: იანვარში წლიური ინფლაცია 3.9% იყო

თამარა ქურდაძე / ტაბულა

სტატისტიის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2.9% შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 22.5%-ით.

საქართველოში ინფლაციის შესახებ 2017 წლის იანვრის მონაცემები საქსტატმა დღეს, 3 თებერვალს გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 4,2%-ით. შესაბამისად, ჯგუფმა 1,27 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
  • ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4%), ხილისა და ყურძნის (8,9%), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1%), ზეთისა და ცხიმის (3,1%), თევზეულის (2,8%), ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5%) ქვეჯგუფებზე; 
  • ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2%-ით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,94 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
  • ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9%). 

საქსტატის ინფორმაციითვე, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

  • ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,8%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16,0%);
  • ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,9%-ით და შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (40,2%);
  • მოცემულ პერიოდში ფასების 3,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 0,99 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე - შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,0%).

კომენტარები