თავისუფლების აქტი

სუბარი თავისუფლების აქტზე: ასეთი ჩანაწერის ადგილი კონსტიტუციაში არაა

სოზარ სუბარი
ტაბულა

"მე ზოგადად ვთვლი, რომ ასეთი ჩანაწერის ადგილი კონსტიტუციაში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ასეთი ჩანაწერი არსად არ არის", - კონსტიტუციის 94-ე მუხლის ჩანაწერის შესახებ ამბობს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი. 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ქვეყანაში ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი.

დევნილთა მინისტრის თქმით, მთავრობის პოზიციაა, რომ გადასახადები არ უნდა გაიზარდოს, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი კი ამ პოზიციასთან თანხვედრაშია, სუბარის პირადი მოსაზრებით კი ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში არ უნდა იყოს.

"კონსტიტუციის ცვლილება ამ მიმართულებით არ იგეგმება ეს არის ძალიან მკაფიო და მყარი პოზიცია მთავრობის. 

მე ზოგადად ვთვლი, რომ ასეთი ჩანაწერის ადგილი კონსტიტუციაში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ასეთი ჩანაწერი არსად არ არის. მგარამ რადგან ეს ჩანაწერი არის და ჩვეენი პოზიციაა, რომ ზოგადად არ იგეგმება გადასახადების გაზრდა და რადგან ეს ჩანაწერი არის, იყოს კიდევ დამტკიცება ამ ჩვენი პოლიტიკის და ამ ჩვენი პოზიციის, რომ გადასახადების ზრდა არ იგეგმება. 

ვიმეორებ, ეს ჩემი პირადი შეხედულებაა", - ამბობს სოზარ სუბარი.

მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ "თავისუფლების აქტთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მთავრობა არ განიხილავს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღების შესაძლებობას, რათა ახალი გადასახადის დაწესებისთვის რეფერენდუმი აღარ იყოს საჭირო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის არსებული რედაქცია სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან. ინიციატივა, რომ თავისუფლების აქტი გაუქმდეს, ქართული ოცნების წევრმა გია ჟორჟილიანმა წარადგინა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კონსტიტუციაში, გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება იგეგმება. საქართველოს მთავრობა არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, ან, არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის, რეფერენდუმის გაუქმებას.

საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თავისუფლების აქტი მთავრობას ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

2017 წლის ბიუჯეტით მთავრობამ პრაქტიკულად ყველა გადასახადი გაზარდა, რისი ზრდის საშუალებაც მას კანონმდებლობით ჰქონდა. გადასახადების შემცირებისკენ გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი მოგების გადასახადის რეფორმა იყო.

კომენტარები