ვიზალიბერალიზაცია

თალაკვაძე: ვიზალიბერალიზაციას უნდა გავუფრთხილდეთ, პატივისცემით მოვეკიდოთ

არჩილ თალაკვაძე
ტაბულა

პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის "გაფრთხილებისა" და "პატივისცემისკენ" მოუწოდებს. თალაკვაძის თქმით, ევროკავშირში შესულმა მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უცხოეთში საკუთარ ქვეყანას წარმოადგენენ.

"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც ისარგებლებს უვიზო რეჟიმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გავიაზროთ, რომ ევროპაში თითოეული მოგზაურობა, შეიძლება ითქვას, რომ გავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ევროკავშირთან, ამიტომ ყველა მოქალაქე, ვინც გაემგზავრება ევროპაში და ისარგებლებს უვიზო რეჟიმით, ხდება თავისი ქვეყნის წარმომადგენელი უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ხდება თავისი ქვეყნის ელჩი, ასეც შეიძლება ითქვას, ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და ძალიან პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა", - ამბობს თალაკვაძე.

553 მომხრე და 66 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. 28 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ითვალისწინებს, ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა 2 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებების პროექტი 2016 წლის დეკემბერში შეთანხმდა ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირს შორის.

დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. ამის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებას ხელს მოაწერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, რის შემდეგაც, რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და 21 დღეში ამოქმედდება.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ ევროკავშირის 22 წევრ და ოთხ არაწევრ ქვეყანაში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები