ბილაინი

ბილაინი სახელმწიფო ტენდერიდან დისკვალიფიკაციის გამო მოხსნეს

ბილაინი

ბილაინმა (შპს მობიტელი) სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის პირობები ვერ დააკმაყოფილა, კომპანია ტენდერიდან დისკვალიფიკაციის მიზეზით მოხსნეს. დისკავლფიკაციის სავარაუდო მიზეზი 3G ქსელის ნაწილში სატენდერო პირობების დაუკმაყოფილებლობაა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 260 ათასი საჯარო მოხელისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევაზე გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ბილაინმა წარადგინა განაცხადი. ბილაინის დისკვალიფიკაციის გამო ტენდერი ხელახლა გამოცხადდება. 

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, კომპანიამ გამარჯვებისთვის შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს: 

  • კომპანიის დაფარვის არეალი უნდა იყოს საქართვეელოს დასახლებული ტერიტორიის - 95%
  • 2G/GSM ქსელის დაფარვა უნდა იყოს დაფარვის ზონის - 95%-ზე მეტი
  • 3G/UMTS და 4G/LTE ქსელის დაფარვა უნდა იყოს დაფარვის ზონის - 90% მაინც.

ბილაინმა 3G ქსელის ლიცენზია 2016 წლის 23 დეკემბერს შეიძინა, ამ ქსელის სრულად გაშვება კი მარტში მოხდება, შესაბამისად კომპანია ტენდერის გამოცხადების დროისთვის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. შესყიდვების სააგენტომ ბილაინის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიიღო.

"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაეგზავნა პასუხი, რომ კომისიის აზრით, შპს „მობიტელი“ დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში“, - ამბობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი.

აქამდე, სახელმწიფო ტენდერებში მაგთი და ჯეოსელი იმარჯვებდნენ.

კომენტარები