კომუნიკაციები

ბილაინი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა მიიღო

ბილაინი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი 260 ათასი საჯარო მოხელისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევაზე დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - ბილაინმა (შპს მობიტელმა) მიიღო, ამ დროისთვის წინადადებათა განხილვა მიმდინარეობს.

იმის მიუხედავად, რომ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ბილაინმა წარადგინა, ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებული აუცილებლად ის გახდება, რადგანაც კომპანიას 3G ინტერნეტთან დაკავშირებით პრობლემები შეიძლება შეექმნას. მაგთისა და ჯეოსელს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, კომპანიამ შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს: 

  • კომპანიის დაფარვის არეალი უნდა იყოს საქართვეელოს დასახლებული ტერიტორიის - 95%
  • 2G/GSM ქსელის დაფარვა უნდა იყოს დაფარვის ზონის - 95%-ზე მეტი
  • 3G/UMTS და 4G/LTE ქსელის დაფარვა უნდა იყოს დაფარვის ზონის - 90% მაინც.

ტენდერში ბილაინს პრობლემები შეიძლება 3G ქსელის მიმართულებით შეექმნას, რადგანაც კომპანია ამ ქსელის შექმნას მხოლოდ ახლა იწყებს. კომპანიამ 3G ქსელის ლიცენზია 2016 წლის 23 დეკემბერს შეიძინა, 2017 წლის მარტიდან კი 3G ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეშვება. 

იმის გამო, რომ ბილაინს ტენდერში მონაწილეობის პერიოდში არ აქვს 3G ქსელი, ამან შესაძლოა მისი დისკვალიფიკაციაც გამოიწვიოს. ბილაინი სახელმწიფო ტენდერიდან დისკვალიფიკაციის გამო 2014 წელსაც მოიხსნა.

აქამდე, სახელმწიფო ტენდერებში მაგთი და ჯეოსელი იმარჯვებდნენ.

კომენტარები