ელჩები

პრეზიდენტმა ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად დანიშნა

თეორემა/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს ელჩად დანიშნა. პრეზიდენტმა სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ განკარგულებებს ხელი გუშინ მოაწერა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, 2017 წლის 1 მარტიდან კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა.
2017 წლის 1 მარტიდან კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო 15 თებერვლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი, ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.

გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„სამივე მათგანი გამოცდილი კადრია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და საქართველოს ცნობადობის ამაღლებას. ელჩებმა სახელმწიფოს მეთაურისაგან მიიღეს ძალიან კონკრეტული ინსტრუქციები, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ამ სახელმწიფოებში მათი მუშაობის დროს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები