თავისუფლების აქტი

ჭიაბერაშვილი: თავისუფლების აქტის გაუქმება კატეგორიულად მიუღებელია

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია გია ჟორჟოლიანის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციიდან უნდა გაქრეს ჩანაწერი, რომ ახალი გადასახადების დაწესებას რეფერენდუმი ესაჭიროება. 

გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი სახელმწიფოს "ასუსტებს", მისი გაუქმება კი ქვეყანას "ორნიშნა ზრდას მოუტანს".

ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, თავისუფლების აქტის გაუქმების ინიციატივის გაჟღერებაც კი საქართველოს ეკონომიკაზე დამანგრევლად აისახება.

"მთავრობის სიხარბეს არ აქვს საზღვრები, ისინი ცდილობენ მოარღვიონ ბარიერი. კონსტიტუციასა და ორგანულ კანონში უნდათ, რომ ეს მუხლი შეცვალონ, საკუთარი კომფორტისთვის გადასახადები უსასრულოდ ზარდონ, ეს კიდევ უფრო მეტად მოკლავს ეკონომიკას. 

როგორც კი ამას ინვესტორები გაიგებენ, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება", - ამბობს მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის.

ეს კანონი ასევე მთავრობას ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

2017 წლის ბიუჯეტით მთავრობამ პრაქტიკულად ყველა გადასახადი გაზარდა, რისი ზრდის საშუალებაც მას კანონმდებლობით ჰქონდა. გადასახადების შემცირებისკენ გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი მოგების გადასახადის რეფორმა იყო.

კომენტარები