აშშ-დიდი ბრიტანეთი

ტერეზა მეი ტრამპს აფრთხილებს: პუტინის ნდობა არ შეიძლება

Reuters

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ რესპუბლიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რესპუბლიკური პარტიის წევრები გააფრთხილა, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება. მეის თქმით, რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა აუცილებელია, თუმცა ტრამპი "ფრთხილად" უნდა იყოს პუტინთან ურთიერთობის დროს.

სიტყვით გამოსვლისას, ტერეზა მეიმ ტრამპის ზოგიერთ პოზიციას მხარი დაუჭირა, თუმცა არც ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კრიტიკას მორიდებია. მეიმ დაიცვა NATO-სა და გაეროს ღირებულებები, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ცვლილებები საჭიროა და ამ ორგანიზაციებმა დღევანდელ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ. მეიმ გააკრიტიკა ირანის მიერ სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, თუმცა დაიცვა ბირთვული შეთანხმება ირანთან, რაც მისი აზრით შეაჩერებს ოფიციალურ თეირანს ბომბის შექმნისგან. მეის თქმით, აშშ და ბრიტანეთი ერთად მუშაობდნენ ისლამური ექსტრემიზმის იდეოლოგიის დასამარცხებლად, თუმცა ის მხარს არ უჭერს ტრამპის იდეას ისლამური ქვეყნების დიდი ნაწილიდან ტურისტებისა და მიგრანტების შემოშვების აკრძალვის თაობაზე.

"ჩვენ უნდა შევძლოთ ექსტრემისტული და სიძულვილით სავსე იდეოლოგიისა და მშვიდობიანი რელიგიის - ისლამის და მისი ასობით მილიონი მიმდევრის ერთმანეთისგან განსხვავება", - თქვა მეიმ.

მეი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება ტრამპის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მან რამდენჯერმე გაიხსენა რონალდ რეიგანისა და მარგარეტ თეტჩერის მეგობრობა და წარმატებული პარტნიორობა, რასაც კონგრესი აპლოდისმენტებით შეხვდა. 

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ მეისა და ტრამპს შორის ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაშია. იმ დროს, როდესაც ტრამპი პუტინის გულის მოგებას ცდილობს, მეიმ აშშ-ის პრეზიდენტს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მეიმ ტრამპს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ბალტიის ქვეყნებს, რომლებსაც პუტინი ემუქრება. მან კიდევ ერთხელ უწოდა ყირიმის ანექსიას "არალეგალური" და აღნიშნა, რომ ეს მიზეზები საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთთან ფრთხილი ურთიერთობა ჰქონდეთ. იმ დროს, როდესაც ტრამპს ვერ გადაუწყვეტია, უნდა დაეხმაროს თუ არა აშშ NATO-ს წევრებსა და მოკავშირებს, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, მეის ამ საკითხზე ცხადი პოზიცია გააჩნია.

"ჩვენ პუტინის მიერ აღმოსავლეთ ევროპის საკუთარი გავლენის სფეროდ გამოცხადების შეგუებით, რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ თავისუფლება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას რეიგანმა და თეტჩერმა მოუტანეს. როდესაც საქმე ეხება რუსეთს, მახსენდება რეიგანის მიდგომა გორბაჩოვთან მოლაპარაკებებისას, "ენდე, თუმცა შეამოწმე". პუტინის შემთხვევაში ჩემი რჩევა ასეთია: ეურთიერთე, თუმცა უფრთხილდი", - თქვა მეიმ. მის ამ სიტყვებს კონგრესი ფეხზე ადგომითა და უწყვეტი აპლოდისმენტებით შეხვდა.

კომენტარები