აშშ-დიდი ბრიტანეთი

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა 80 წლის წინანდელი ატლანტიკური ქარტია განაახლეს

ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 80 წლის წინ უინსტონ ჩერჩილსა და ფრანკლინ რუზველტს შორის გაფორმებული ატლანტიკური ქარტია განაახლეს.

ახალი ატლანტიკური ქარტია შეეხება ბრიტანეთისა და აშშ-ს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ეკოლოგიური პრობლემები, საუბარია NATO-ს მნიშვნელობაზე, დემოკრატიების დაცვასა და საერთო ღირებულებების გაზიარებაზე. 

ბაიდენმა, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა, უცხოეთში პირველი მგზავრობა ბრიტანეთიდან დაიწყო, რადგან აქ გაიმართება დიდი შვიდეულის სამიტი. ხუთშაბათს, 10 ივნისს ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი ერთმანეთს შეხვდნენ და ატლანტიკური ქარტია განაახლეს.

"ჩვენ მიერ გაცოცხლებული ატლანტიკური ქარტია, რომელიც დაფუძნებულია 80 წლის წინანდელ მონდომებასა და ამბიციებზე, ხაზს უსვამს ჩვენ მიერ ჩვენი გამძლე ღირებულებების შენარჩუნების ამჟამინდელ მონდომებასაც და მის დაცვას ახალი, თუ ძველი გამოწვევებისგან". – წერია ქარტიაში.

ატლანტიკური ქარტია ჩერჩილმა და რუზველტმა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 14 აგვისტოს გამოაცხადეს და მისი ძირითადი შინაარსი აშშ-სა და ბრიტანეთის საერთო ღირებულებებზე დგომასა და ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა.

კომენტარები