აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, ჩაგოსის კუნძულებს შორის მდებარე კუნძულ დიეგო გარსიაზე სუვერენიტეტი მავრიკის რესპუბლიკას დაუთმოს, "სისუსტისა" და "სიშტერის" ნაბიჯი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს არის "ეროვნული უსაფრთხოების კიდევ ერთი მიზეზი", თუ რატომ უნდა დაამყარონ კონტროლი გრენლანდიაზე.
"შოკისმომგვრელად, ჩვენი NATO-ს "ბრწყინვალე" მოკავშირე, გაერთიანებული სამეფო ამჟამად გეგმავს გააჩუქოს კუნძული დიეგო გარსია, აშშ-ს მიშვნელოვანი სამხედრო ბაზის მდებარეობა, მავრიკზე და თანაც ასე მოიქცეს ყველანაირი მიზეზის გარეშე.
ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა ეს აბსოლუტური სისუსტის აქტი გაითვალისწინეს. არსებობენ საერთაშორისო ძალები, რომლებიც აღიარებენ მხოლოდ ძალას, რის გამოცაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩემი ხელმძღვანელობით, ახლა, ერთი წლის შემდეგ, ისე სცემენ პატივს, როგორც არასდროს.
გაერთიანებული სამეფოს მიერ ექსტრემალურად მნიშვნელოვანი მიწის გაცემა უდიდესი შტერული ქმედებაა და ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გრძელ ჩამონათვალში არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა დავეუფლოთ გრენლანდიას. დანიამ და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გადადგან სწორი ნაბიჯი." - დაწერა ტრამპმა.
გასულ წელს დიდმა ბრიტანეთმა მავრიკის რესპუბლიკასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს ჩაგოსის კუნძულებზე სუვერენიტეტს გადასცემდნენ. ეს ტერიტორიები ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. მათ შორისაა კუნძული დიეგო გარსია - ჩაგოსის უდიდესი კუნძული, რომელზეც აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს. შეთანხმების მიხედვით, სუვერენიტეტის მავრიკისთვის გადაცემის მიუხედავად, მოკავშირეები ამ ტერიტორიაზე კონტროლს იჯარით შეინარჩუნებდნენ. ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა წარსულში თქვა, რომ იჯარის 99-წლიანი შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოს ყოველწლიურად 101 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებოდა. 99 წლის გასვლის შემდეგ შეთანხმების 40 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
ჩოგოსის კუნძულებმა მავრიკის შემადგენლობა 1965 წელს დატოვა, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანეთმა კუნძულები 3 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ იყიდა, თუმცა მავრიკის რესპუბლიკის პოზიციით, მათ კუნძულების გაცემა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ აიძულეს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 22 მაისს, როცა დიდმა ბრიტანეთმა ჩოგოსის კუნძულებთან დაკავშირებით შეთანხმების შესახებ გამოაცხადა, პრემიერმა სტარმერმა თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი "მიესალმა შეთანხმებას სხვა მოკავშირეებთან ერთად". აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მაშინ ეს შეთანხმება ასევე პოზიტიურად შეაფასა და მხარდაჭერა გამოუცხადა "მონუმენტურ მიღწევას".
"საუბარია ძალიან ხანგრძლივ, ძლიერ იჯარაზე, ძალიან ძლიერ იჯარაზე, სინამდვილეში, 140 წელზე. ეს ხანგრძლივი დროა და ვფიქრობ ჩვენ მზად ვართ თქვენს ქვეყანასთან ერთად წინსვლისთვის." - უთხრა ტრამპმა სტარმერს, როცა ის შეთანხმების შემდეგ თეთრ სახლს ეწვია.





