აშშ-დიდი ბრიტანეთი

ჯო ბაიდენსა და ბორის ჯონსონს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

ბორის ჯონსონი ესაუბრება ჯო ბაიდენს
REUTERS/DOWNING STREET HANDOUT

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ჯონსონმა ბაიდენს ინაუგურაცია მიულოცა. ლიდერებმა ქვეყნებს შორის "ახლო ალიანსის გაღრმავებაზე" ისაუბრეს.

ჯონსონის წარმომადგენლის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა დადებითად შეაფასა ბაიდენის გადაწყვეტილება, დაბრუნებოდა კლიმატზე პარიზის შეთანხმებას და არ დაეტოვებინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს უშიშროებისა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობასა და ნატოს მნიშვნელობაზე. 

"მათ ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პოტენციური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადებითი შედეგები. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა მის განზრახვას, რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას ვაჭრობაში არსებული პრობლემები. ლიდერები მოუთმენლად ელიან პირისპირ შეხვედრას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება და G7, G20 და Cop26-ის ფარგლებში ერთობლივ მუშაობას". – თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წარმომადგენელმა.

ბორის ჯონსონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელთანაც ბაიდენის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენი უკვე ესაუბრა კანადის პრემიერმინისტ ჯასტინ ტრუდოსა და მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს.

კომენტარები