გაზპრომთან მოლაპარაკებები

საია: ენერგეტიკის სამინისტრომ გაზპრომზე ინფორმაცია არ მოგვაწოდა და კანონი დაარღვია

საია
gyla.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია. ცნობისთვის, საია სამინისტროსგან გაზპრომთან გაფორმებული და გასაფორმებელი ხელშეკრულებების ასლს ითხოვდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთხოვნილი დოკუმენტი საიდუმლო ინფორმაციაა, საია სამინისტროსგან ითხოვდა საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლს.

კერძოდ, საიას შემდეგი დოკუმენტების მიღება სურდა:

- საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცლოდ გაზპრომთან გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;

- 2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;

- 2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე, გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების ასლი.

"საიას განცხადების პასუხად, 2017 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს #08/289 კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც სამინისტრომ შემდეგი განაცხადა: „მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის დაცული სამინისტროში, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა“.

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია გაზპრომთან მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მიღწეული შეთანხმების თაობაზე თავად მინისტრმა აცნობა საზოგადოებას, გაურკვეველია, რას ეფუძნება სამინისტროს მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი პასუხი.

სამინისტროს მოქმედება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის კომპანია გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების საიდუმლოდ მიჩნევის რეალურ საფუძველს. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ სამინისტრო ცდილობს, არ გასცეს ინფორმაცია, რომლის გაცემის ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია", - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, სამინისტრომ 2017 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი კორესპონდენციით საქართველოს კანონმდებლობის არაერთი მოთხოვნა დაარღვია. 

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანხმად: თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა;

- გარდა იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს განცხადება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა გადაეგზავნა, ენერგეტიკის სამინისტრო ასევე ვალდებული იყო, რომ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის პარალელურად, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობებინა საიასათვის. სამინისტრომ არც ეს ვალდებულება შეასრულა.

- ამასთან, იმ შეთხვევაში, თუ განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, სამინისტრო ვალდებულები იყო, რომ განცხადება შესაბამისი დასაბუთებით საიასათვის დაებრუნებინა", - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოუწოდებს ენერგეტიკის სამინისტროს, რომ დღესვე უზრუნველყოს განცხადების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნა და მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასაბუთება.

ცნობისთვის, ხელისუფლება Gazprom-თან გასაფორმებელი კონტრაქტის პირობებს არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩება, თუ რას მიიღებს საქართველო მაგისტრალური გაზსადენით სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ.

გაზპრომ ექსპორტთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ოპოზიციასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ. 

როგორც ცნობილია, საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. 

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები