ძალადობა ოჯახში

წულუკიანი: თუ პედაგოგი ნაცემ ბავშვს ნახავს, მას შეტყობინების ვალდებულება ექნება

თეა წულუკიანი
ტაბულა

პედაგოგებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეამჩნევენ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, შეტყობინების ვალდებულება უჩნდებათ. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, პედაგოგები, ვინც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევიან, დანაშაულს ხელს დააფარებენ. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტში წარსადგენად დღეს წარადგინა.

"ამ პროექტების დამტკიცების შემდეგ პედაგოგებს გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ სკოლის დირექტორის მიერ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ პირს აცნობოს, როდესაც ის ნახავს, რომ მის წინაშეა ბავშვი ან მშობელი, რომელიც ატარებს ძალადობის ნიშნებს. დღეს პედაგოგს არ აქვს ეს ვალდებულება და მე ცალსახად მიხარია, რომ განათლების სამინისტრომ ამას მხარი დაუჭირა. გვქონია შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვი მოდის ნაცემი, მაგრამ მას არ აქვს ვალდებულება, რომ მიმართოს პოლიციას, შესაბამისად, ზოგიერთი პედაგოგი ატყობინებს პოლიციას, ზოგიერთი - არა. ასეთი შეტყობინება იქნება ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება დანაშაულის დაფარვასთან", - ამბობს წულუკიანი.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. წულუკიანის თქმით, მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.

კომენტარები