გიორგი ცერცვაძის დაკავება

ენინი: თუ ადამიანი იბრძოდა უკრაინის მხარეს, მისი აგრესორისთვის გადაცემა, სისულელეა

ევგენი ენინი
hromadske.ua

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა დაკავებულ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ისაუბრა. მან შემდგომი პროცედურები განმარტა, რასაც პროკურატურა ცერცვაძეს საქმეზე განახორციელებს. მისივე თქმით, "თუკი ადამიანი იბრძოდა უკრაინის მხარეს, დავსვათ საკითხი მისი აგრესორი ქვეყნისთვის გადაცემის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა".

"მოცემულ სიტუაციაში გვსურს, მივმართოთ ფაილების კონტროლის კომისიას ინტერპოლში, რათა გავიგოთ, მოხდა თუ არა კონკრეტული ფაქტის საფუძვლიანი გამოკვლევა, სანამ ამ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებდნენ. თუკი არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულის გამო დევნა, მაშინ, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ინტერპოლის წესდება კრძალავს ადამიანებზე ძებნის გამოცხადებას.

რა ელოდება ბატონ ცერცვაძეს ჩვენთან - როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დროებითი დაკავების შესახებ მანამ, სანამ რუსეთიდან ოფიციალური მოთხოვნა არ მოვა მის გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ბატონი ცერცვაძე მონაწილეობდა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში, და როგორც კი ის შესაბამის საბუთებს წარმოადგენს ამის დასამტკიცებლად, უკრაინის პროკურატურა არ გააპროტესტებს მისი დაკავების შეცვლას, მაგალითად, ზედამხედველობის ქვეშ ყოფნით. ამის შემდეგ მოხდება ექსტრადიციული შემოწმება და მის შედეგებზე წინასწარმეტყველება მიჭირს. მაგრამ თუკი ამ შემოწმების ფარგლებში გაირკვევა ფაქტები, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, არ გადავცეთ საქართველოს მოქალაქე რუსეთის ფედერაციას, ჩვენ უსიტყვოდ დავიცავთ ყველა საერთაშორისო კონვენციით აღებულ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში საკითხი შემდეგნაირად დადგება, ან გადაცემაზე უარს ვიტყვით, ან უფრო ღრმად შევისწავლით ამ საკითხს.

ჩვენ კონტაქტი გვაქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა დაურეკა უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს. მე კი ბრიუსელიდან ვესაუბრე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ბატონ გოგაძეს. მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქმედებების კოორდინაცია, მათ შორის ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვგრძნობთ ძალიან დიდ ყურადღებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საქმეზე და როგორც ნებისმიერი ქვეყანა, საქართველოც ფიქრობს თავისი მოქალაქის ბედზე. მივიღეთ ამის შესაბამისი მტკიცებულებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

მოცემულ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია იმის შესახებ, რომ რუსულმა მხარემ პირის გადაცემის მოთხოვნით მოგვმართა. საერთაშორისო კონვენციების თანახმად, მათ ამისთვის 40 დღე აქვთ დაკავებიდან. მე, სამწუხაროდ, არ ვფლობ ინფორმაციას, თუ რომელი გამშვები პუნქტებიდან გამოფრინდა ის უკრაინის მიმართულებით, თუმცა, როგორც კი ის დაჯდა აეროპორტში, სისტემამ იმუშავა და შეგვატყობინა, რომ ეს მოქალაქე იმყოფება საერთაშორისო ძებნაში.

არის სიტუაციები, როდესაც სისტემა ამა თუ იმ მიზეზით არ მუშაობს, ამიტომ ფრთხილი ვიქნებოდი შეფასებაში. ჩემთვის რთულია კომენტარის გაკეთება ქართული და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე, რადგან ეს ასპექტი არ შედის პროკურატურის კომპეტენციაში. ჩვენ პასუხს ვაგებთ საექსტრადიციო შემოწმებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე.

უკრაინისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები. თუკი არსებობს გარემოება სიცოცხლის მოსპობის საფრთხეზე, ან მის წამებაზე, საერთაშორისო კონვენციების თანახმად, უარს ვაცხადებთ მის გადაცემაზე. არ გვინდა წინასწარ საუბარი საექსტრადიციო შემოწმების შედეგებზე. როგორც კი ყველა საბუთი შეგროვდება და ყველა კომპეტენტური ორგანო საკუთარ დასკვნას მოგვცემს, უკრაინის გენერალური პროკურატურა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა ასპექტის გათვალისწინებით. მათ შორის, უკრაინის ნაციონალური ინტერესების.

ვერ გეტყვით, აქვს თუ არა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტს ამ ფაქტის შესახებ. თუმცა, ამ ფაქტზე არ ხდება რაიმე არაორდინარული იმისთვის, რომ ამის შესახებ საქმის კურსში სახელმწიფოს მეთაური ჩავაყენოთ. ვმუშაობთ და გვაქვს ურთიერთობა ქართველ სამართალდამცველებთან. ამიტომ ამის მიზეზს ვერ ვხედავ.

კიდევ ერთხელ ვამბობ - თუკი ადამიანი იბრძოდა უკრაინის მხარეს, დავსვათ საკითხი მისი აგრესორი ქვეყნისთვის გადაცემის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა. ეს არ ჯდება არაფერში და პრინციპის საკითხია", - თქვა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

კომენტარები