გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე Gazprom-ზე: ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი

ტაბულა

რუსულ ენერგოგიგანტ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს განმარტებების გაკეთება კიდევ ერთხელ მოუხდა. ის კვლავ გამორიცხავს ხელშეკრულების ახალი პირობების გამო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდას. 

"წესით, დღეს მე ამ ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა გაზპრომთან მოლაპარაკებებში.

არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ძალიან ღიად, ნათლად და მთელი პასუხისმგებლობით შედეგი: ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება, შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა. სწორედ ესაა ფაქტი. არც მეტი, არც ნაკლები.

ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ჩვენ მოსახლეობამ გვანდო ქვეყნის მართვა და სწორედ იმიტომ აგვირჩია, რომ ყველა დეტალის გათვალისწინებით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ მანდატით აღჭურვილებს მიგვეღო, შეიძლება, რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები.

გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით, ასევე შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების, მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისაგან გამიჯვნა და მათზე განმარტებების გაკეთება", - თქვა კალაძემ.

ბრიფინგის პარალელურად კანცელარიასთან გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, გასაჯაროვდეს რუსულ ენერგოგიგანტთან ხელშეკრულების ახალი პირობები.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიყიდის.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები