16-17 იანვარს სისხლის სამართლის 129, ხოლო ადმინისტრაციული სამართლის 1088 დანაშაული გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრომ "დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა". უწყების ცნობით, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 42 პირი დააკავეს.
საპოლიციო კონტროლისას გამოვლინდა:
- ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 63 ფაქტი;
- ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ს 117-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
- ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 15 ფაქტი;
- ქურდობის მცდელობის (სსკ-ს 19-177-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
- ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-პრიმა მუხლი) - 3 ფაქტი;
- ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 4 ფაქტი;
- ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 19 ფაქტი;
- ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლი) – 2 ფაქტი;
- ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 2 ფაქტი.
- დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) - 24 ფაქტი;
- ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 43 ფაქტი.
- ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 45 ფაქტი;
"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა", - წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.





