NDI-ის კვლევა

კახიძე NDI-ზე: კვლევა ადასტურებს, რომ ქართულმა ოცნებამ მოსახლეობა გააღარიბა

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ოთარ კახიძე NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს. კახიძის თქმით, კვლევა ადასტურებს, რომ ხელისუფლების მავნებლურმა პოლიტიკამ უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა გამოიწვია.

"NDI-ის კვლევა არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ქართული ოცნების მავნებლურმა პოლიტიკამ გამოიწვია ეკონომიკის უკუსვლა, ეკონომიკური ზრდის კატასტროფული შემცირება, უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა და ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება. ამაზე ქართულ ოცნებას არანაირი პასუხი არ აქვს და მათი ნაბიჯები მიმართულია არა ამ პრობლემების გამოსწორებისკენ, არამედ გაუარესებისკენ", - თქვა კახიძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, 34% კი ამბობს, რომ დასაქმებულია. 2016 წლის ივნისში, კვლევაში მონაწილეთა 63% თვლიდა თავს დაუსაქმებლად.

ამასთან, გამოკითხულთა 17% პასუხობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ის და მისი ოჯახი, შედარებით უკეთესად ცხოვრობს, 26% - უარესად, ხოლო 56% - იმავე მდგომარეობაში.

კითხვაზე, რა იყო თქვენი შემოსავალი გასულ თვეს, უმეტესობა, მოსახლეობის 23% პასუხი 261-400 ლარია, 21% - 401-800 ლარი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +-1.8%.

კომენტარები