NDI-ის კვლევა

ქაცარავა: ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით მზარდი ტენდენციაა

41.ge

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ NDI-ის კვლევების მიხედვით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით ქვეყანაში მზარდი ტენდენციაა. სოფო ქაცარავა ხელისუფლების სწორ ხედვასა და სწორ კომუნიკაციაზე საუბრობს.

"ძალიან მიხარია, რომ ასეთი მზარდი ტენდენცია არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვა და სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია არის ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ცხადია, ვიზალიბერალიზაციასაც ჰქონდა ამ პროცესში წვლილი, რადგან ეს ძალიან პოზიტიური შედეგი იყო ბოლო თვეების განმავლობაში", - ამბობს რუსთავი 2-თან ქაცარავა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, შემცირდა მათი რიცხვი, ვისთვისაც მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. NDI-ის ცნობით, გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ მათთვის მისაღებია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო 25%-სთვის მიუღებელი. 2016 წლის ივლისში NATO-ს წევრობა 64%-სთვის იყო მისაღები, 2016 წლის მარტში კი, 68%-სთვის.


ფოტო: ტაბულა

რაც შეეხება ევროკავშირს, ახალ კვლევაში კითხვას - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 72% დადებითად პასუხობს. ეს მაჩვენებელი, 2016 წლის ივნისის კვლევასთან შედარებით, უცვლელია, ხოლო მარტის კვლევასთან შედარებით - 5 პუნქტითაა შემცირებული.


ფოტო: ტაბულა

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +-1.8%.

კომენტარები