გაზპრომთან მოლაპარაკებები

23 არასამთავრობო ორგანიზაცია Gazprom-თან გასაფორმებელი კონტრაქტის გასაჯაროებას ითხოვს

Gazprom-ის სათავო ოფისი
newsweek.com

რუსულ ენერგოგიგანტ Gazprom-თან გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით 23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. "კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია იმ კონტრაქტის პირობების გასაჯაროება, რაზეც ქართული მხარე დათანხმდა. თუმცა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, კონტრაქტის პირობები კომერციული საიდუმლოებაა და მას საზოგადოება ვერ იხილავს.

"კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" განცხადება

მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი შარშანაც გახდა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ერთსულოვანი უარყოფითი შეფასების შედეგად კონტრაქტის პირობები უცვლელი დარჩა. მეტიც, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აღიარეს რა შესაძლო რისკები, აღუთქვეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ კონტრაქტის არსებული პირობების შესანარჩუნებლად.

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებელია დამატებითი განმარტების წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:

  • რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ეს პოზიცია მიუღებელი იყო მთავრობისთვის შარშან?
  • რატომ უნდა მოხდეს სეზონური დეფიციტის სწორედ რუსული გაზით შევსება?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი მოცულობების უზრუნველყოფის საკითხი განხილულიყო სხვა მომწოდებლებთან?
  • შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს, და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ.
  • რამდენად იყო მოლაპარაკებები უზრუნველყოფილი სტრატეგიული საექსპერტო გათვლებით და იყვნენ თუ არა ჩართული საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ მიგვეღო საუკეთესო პირობები.

ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვა, სადაც მთავრობის წევრები გარდა ამ და შესაძლო სხვა კითხვებზე პასუხისა, წარმოადგენენ კომპლექსურ ხედვას ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიაზე ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში.

"კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" არის 23 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, რომლის მიზანია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდაჭერა.

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 
  4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
  7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  8. IDFI
  9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
  10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
  11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი
  12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
  13. საქართველოს გაეროს ასოციაცის
  14. საზოგადოება და ბანკები
  15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
  19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
  20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
  21. ლიბერალური აკადემია თბილისი
  22. კავშირი საფარი
  23. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG

კომენტარები