ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელიას ადვოკატი: პროცესი 30 ნოემბერს ჩაინიშნა და ბრალდებულის თხოვნით გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართუ ბანკის" საქმის განხილვა გადაიდო. მორიგი პროცესი მიმდინარე წლის 8 თებერვალს გაიმართება.

პროცესის 9 იანვარს ჩანიშნვა და შემდეგ გადადება ამ საქმეზე ბრალდებულმა ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომას დაუკავშირა. ფრაქციის სხდომაზე, რომელიც ასევე დღეს უნდა გამართულიყო, მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხის განხილვას აპირებდნენ, თუმცა ეს სხდომა გადაიდო. მელიამ თქვა, რომ „გუშინ ჩანიშნული პროცესი“ ფრაქციის სხდომას უცნაურად დაემთხვა:

„ფრაქციის სხდომა დილის 4 საათზე გადაიდო. გზაში, სანამ აქ მოვდიოდი, სასამართლოდან განხორციელდა ზარი, რომ გადაიდო სასამართლო პროცესიც, სადაც მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილია. მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ძალიან ბევრი უცნაური დამთხვევაა“, - უთხრა მელიამ ჟურნალისტებს.

თუმცა, როგორც ირკვევა, სასამართლოს სხდომის თარიღად დღევანდელი დღე გაცილებით ადრე განისაზღვრა და მოულოდნელი არც მისი გადადება იყო.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, პროცესის თარიღად 9 იანვარი ჯერ კიდევ წინა სხდომის დროს, 30 ნოემბერს ჩანიშეს. დღეს პროცესის გადადების მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით გიორგაძის გამოუცხადებლობა გახდა. ის, რომ გიორგაძე სხდომას არ დაესწრებოდა, წინასწარ იყო ცნობილი:

"სასამართლო საქმის კურსში იყო, რომ გიორგაძე ვერ მოვიდოდა. როდესაც პროცესს ბრალდებული არ ესწრება, საქმე უნდა გადაიდოს, თავისთავად. წინა პროცესი იყო 30 ნოემბერს, რომელიც გადაიდო დღევანდელი დღისთვის. 30 ნოემბრის შემდეგ, როგორც ვიცი, მეორე დღეს, დავით გიორგაძემ დატოვა განცხადება, რომ დღევანდელ პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. ნიკა მელიასთვის იყო თუ არა ეს ცნობილი, მე ვერ გეტყვით", - უთხრა ტაბულას გელხაურმა.

14:00 საათზე ჩანიშნულ პროცესზე არ იმყოფებოდა თავად მელია, პროცესის გადადების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება მისმა ადვოკატმა მოისმინა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ტაბულას უთხრეს, რომ სხდომის გადადებასთან დაკავშირებით მელიასთან არ დაურეკავთ.

"ქართუ ბანკის" საქმე 2013 წლიდან მიმდინარეობს. ადვოკატის ინფორმაციით, უკვე ჩატარდა დაახლოებით 50 სხდომა.

ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

ნიკა მელიასთან ერთად, საქმეზე ბრალდებულები არიან ზურაბ ადეიშვილი, ლუხუმ კაპანაძე, ჯამბულ ებანოიძე, დავით გიორგაძე და ნუგზარ საჯაია.

პროკურატურა ბრალდებულებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადახდისუუნარობისას უკანონო ქმედებას ედავება (სსკ-ის 332-ე, 25-205.1-ე მუხ.).

 

კომენტარები